რუმინეთში, საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორი არის პარტია „ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის“, რომლის თავმჯდომარე ჯორჯ-ნიკოლაე სიმიონსაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მეორე ან პირველ ადგილზე გასვლასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა საბოლოოდ, ვერც მან და ვერც ხელისუფლების მხარდაჭერილმა კანდიდატმა, პრემიერ-მინისტრმა იონ-მარჩელ ჩოლაკუმ ვერ შეძლეს პირველ ან მეორე ადგილზე გასვლა და მესამე და მეოთხე ადგილებით დაკმაყოფილდნენ.

აქციის ორგანიზატორი პარტიის თავმჯდომარე ჯორჯ-ნიკოლაე სიმიონის თქმით, რუმინელები დღეს თავიანთ ერთიანიობას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამართულ ყველაზე დიდ აქციაზე აჩვენებენ.

პარტიამ, „ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის“, განმარტა, რომ დემონსტრაცია რუმინელები აწყობენ, პარტია კი ორგანიზატორის როლში გამოდის და ეხმარება მათ, ვისაც სურს მოითხოვონ პატივისცემა შედეგებისადმი, არჩევნების განახლება მეორე ტურიდან და იოჰანისისგან პრეზიდენტის პოსტის დატოვება.

ორგანიზატორებს ნებართვა დღის ბოლომდე აქვთ. მათ აქციის დაწყების წინ ძალადობრივი ქმედებებისგან თავის შორს დაჭერისგან და სიფხიზლისკენ მოუწოდეს:

მიჰყევით ორგანიზატორთა მითითებებს. თქვენთვის ადვილი შესამჩნევნი რომ იყვნენ, მათ თეთრი სამკლავურები ექნებათ;

არ აჰყვეთ მოწოდებას ძალადობისკენ! დაუკავშირდით სამართალდამცველებს და აქციის ორგანიზატორებს, თუ შეამჩნევთ წამქეზებელს ან გახდებით ინციდენტის მსხვერპლი.

არ შეეწინააღმდეგოთ აქციაზე დამსწრე სამართალდამცავ ორგანოებს და ჟურნალისტებს!

არ მოხვიდეთ სხვა ნიშნებით ან დროშებით, გარდა სამფეროვანისა!

საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შესამცირებლად, გთხოვთ, არ იქონიოთ თან ვუვუზელები ან სხვა მსგავსი ნივთები!

საპროტესტო აქცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყო და გაცემული ნებართვა მის დღის ბოლოს დასრულებას ითვალისწინებს.




შეგახსენებთ, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურის შედეგები რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო იმ დროს გააუქმა, როდესაც უკვე მეორე ტურის კენჭისყრა დაწყებული იყო. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, რომელსაც ვადა 21 დეკემბერს გაუვიდა, პოსტზე შეიძლება დარჩეს ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის მიერ ფიცის დადებამდე. ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ვადა რუმინეთის ხელისუფლებას, რომელიც 1 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა, უნდა განესაზღვრა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას ფართო რეზონანსი მოჰყვა როგორც რუმინეთში, ასევე მთელ მსოფლიოში.  

როგორ შეიძლება მოსამართლემ გააუქმოს არჩევნები და არ ჩაითვალოს დიქტატორად? - დაწერა X-ზე მასკმა და მოგვიანებით ასევე იკითხა თუ როდის ჩატარდებოდა არჩევნები. მას მაშინ დღევანდელი აქციის ორგანიზატორი პარტიის თავმჯდომარე, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პრემიერ-მინისტრ იონ-მარჩელ ჩოლაკუს ძირითად მოწინააღმდეგედ მიჩნეული, საბოლოოდ კი მეოთხე ადგილზე გასული ჯორჯ-ნიკოლაე სიმიონი გამოეხმაურა.

რუმინეთის მთავრობამ უნდა გამოაცხადოს არჩევნების თარიღი.  საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებიდან ორი კვირის შემდეგ, ჯერ კიდევ არ ვიცით. ხვალიდან რუმინეთს ეყოლება ახალი პარლამენტი და ძალიან მალე ახალი მთავრობა, - დაწერა ჯორჯ-ნიკოლაე სიმიონმა, რომლის პარტია „ალიანსი რუმინელების ერთიანობისთვის" 18,01%-ით მეორე ადგილზე გავიდა და 3,95%-ით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასული რუმინეთის პრემიერ-მინისტრ იონ-მარჩელ ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას.