თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ 6 საათიანი სასამართლო სხდომის შემდეგ, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას და კიდევ 4 პირისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა უცვლელი დატოვა
პატიმრობის შეცვლის სანაცვლოდ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა 1000 ლარიანი, გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა კი 10 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.
"ის რაც ახლა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გააკეთა არის სახე დღევანდელი სასამართლოს მიკერძოების.დაცვის მხარემ დავაყენეთ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა," - წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.
"ძალიან უცნაური პროცესია და ვერ ვხვდები რა ხდება. ახლა გამახსენდა, იოზეფ კ, არის კაფკას ასეთი პერსონაჟი, რომელსაც სასამართლო პროცესი აქვს და არ იცის რა ხდება მის თავს. ეს რომანი არის გაურკვევლობაზე. თვითონ წიგნი აბსურდია და გაურკვევლობაზეა. სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ეს შეგრძნება პრაქტიკაში გაცოცხლდეს-თქო. რაღაცნაირად მოხერხდა და ძალიან უცნაური არის. უცნაური და ერთი მხრივ საინტერესო. ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს. დიდი მადლობა", - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე.
შეგახსენებთ, 2024 წლის 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
წინასასამართლო სხდომა 16 იანვარს ჩაინიშნა.
დაკავებულებს გამოძიება ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.