პარიზის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, შაბათს დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროს „უკიდურესი სიფრთხილე“ გამოიჩინონ.

„ხუთშაბათიდან დაწყებული, ქალაქი საზოგადოებრივ ადგილებში რამდენიმე პრევენციულ ზომას იღებს, შაბათ-კვირას მუნიციპალური პერსონალის განლაგებას აძლიერებს და მოსახლეობას და მაღაზიების მეპატრონეებს რამდენიმე მარტივი სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოუწოდებს“, – განაცხადა მერიამ.

ამასთან, მერია მოქალაქეებს და ბიზნესობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, შაბათს შუადღიდან ნაგვის ურნები, ველოსიპედები და ეზოს ავეჯი შენობაში შეიტანონ. მერიის განცხადებით, შესაძლებელია მსგავსი აღჭურვილობა და ნივთები აქტივისტებმა ზიანის მისაყენებლად, ბარიკადების აღსამართად და ბარიერების შესაქმნელად გამოიყენონ.

ფრანგული მედია წერს, რომ შაბათ-კვირას დაწყებული არეულობის დროს პარიზში დაახლოებით 450 ბიზნესობიექტი დაზიანდა, მათი ნახევარი კი გაძარცვეს. ასევე დაიწვა და დაზიანდა მანქანები, ველოსიპედები და ნაგვის ურნები.