საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორ იუ იუნფენგს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ჩინური ენის სწავლების განვითარების ხელშეწყობას, ჩინური ენის მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის შესაძლებლობების გაფართოებასა და მათთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავებას. საუბარი ასევე შეეხო სასწავლო რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას.

მხარეებმა იმსჯელეს ენის სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებაზე, რაც მსურველებს ჩინური ენის დისტანციურად, ინტერაქციულ გარემოში შესწავლაში დაეხმარება.

იუ იუნფენგმა გივი მიქანაძეს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ საქართველო ცენტრის გამორჩეული და მნიშვნელოვანი პარტნიორია.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას და ინტენსიურ მუშაობას ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით.