საფრანგეთის დედაქალაქში, უკვე ორ კვირაზე მეტია, მოსწავლეთა და სტუდენტთა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 

ახალგაზრდები, პროფკავშირების აქტიური მხარდაჭერით, განათლების სისტემაში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ. პროტესტის ტალღა არ დაცხრა მას შემდეგაც კი, რაც განათლების მინისტრმა, ედუარ ჟეფრემ სკოლებში პედაგოგთა დამატებითი შტატების გამოყოფა დააანონსა.  
საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან დღემდე, მხოლოდ პარიზში, დროებითი დაკავების იზოლატორში 273 ადამიანი გადაიყვანეს.  

პარიზის პროკურორ ლორ ბეკუოს განცხადებით, მხოლოდ სასწავლო დაწესებულებების თუ გზების ბლოკირების გამო პასუხისგებაში არავინ მიუციათ. 

მისივე თქმით, პირველი განაჩენები უკვე გამოუტანეს იმ პირებს, ვისაც წარსულშიც ჰქონდა ნასამართლობა. მათ სასჯელის სახედ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და პირობითი პატიმრობა მიესაჯათ, ასევე დაუწესდათ იარაღის ტარებისა და დემონსტრაციებში მონაწილეობის აკრძალვა.  
პროკურატურის ცნობით, შედარებით მძიმე სამართალდარღვევის ფაქტებზე გამოძიება და სამართლებრივი პროცედურები ამ დრომდე გრძელდება.