Euronews-ის ინფორმაციით, საფრანგეთი მკაცრი პოზიციით გამოდის უკრაინის მიერ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ შეიარაღების შესყიდვებთან დაკავშირებით. პარიზი ითხოვს, რომ შეიზღუდოს იმ გამონაკლისების მოქმედების ვადა, რომლებიც კიევს საშუალებას აძლევს, ევროკავშირის 90 მილიარდიანი სავალუტო კრედიტის სახსრები ევროპის გარეთ მდებარე მწარმოებლებზე დახარჯოს.

ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად დამტკიცებული 90 მილიარდიანი სესხიდან (2026–2027 წლებისთვის) 60 მილიარდი სამხედრო დახმარებას ხმარდება. წესების მიხედვით, კიევს შეუძლია, ისარგებლოს გამონაკლისებით და საჭიროების შემთხვევაში, იარაღი ან მისი კომპონენტები მესამე ქვეყნებიდან შეიძინოს (თუ ევროპული ანალოგები არ არსებობს, ან მათი მოწოდება დროულად ვერ ხერხდება).  

ამ დროისთვის კიევმა მსგავსი გამონაკლისებით უკვე ისარგებლა ორი მიმართულებით — ესენია დრონების ჩინური კომპონენტები და ამერიკული საზენიტო სარაკეტო კომპლექს Patriot-ის რაკეტები. ევროკომისიამ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილა, რადგან ევროპულმა ინდუსტრიამ მოცემულ ეტაპზე მსგავსი მოცულობების უზრუნველყოფა ვერ შეძლო.  

პარიზი, რომელსაც ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი თავდაცვითი ინდუსტრია აქვს (მათ შორის, აწარმოებს Patriot-ის ევროპულ ალტერნატივას — SAMP/T სისტემებს), მიიჩნევს, რომ ევროპული ფული, პირველ რიგში, ადგილობრივ მწარმოებლებს უნდა მოხმარდეს. საფრანგეთი მოითხოვს, რომ არასაბაზრო და გარე შესყიდვების გამონაკლისები მკაცრად, დროში იყოს შეზღუდული.  

მიუხედავად საფრანგეთის პოზიციისა, ევროპის არაერთი ქვეყანა (მათ შორის, გერმანია და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები) უკრაინისთვის იარაღის მიმწოდებლების არჩევის საკითხში მაქსიმალურ მოქნილობასა და თავისუფლებას უჭერს მხარს, რათა ფრონტმა საჭირო შეიარაღება შეფერხების გარეშე მიიღოს.