უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი დააკავეს. 

სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ცნობით, ტრუხანოვი ოდესის მანქანათმშენებელი ქარხნის, „კრაიანის“ საქმის ფარგლებშია დაკავებული.

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 4 მაისს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ოდესის მერის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველი ბრალდებულის მხრიდან სასამართლოს მიერ მანამდე დადგენილი გირაოს გადაუხდელობა გახდა, რომლის ოდენობა თითქმის 31 მილიონ გრივნას შეადგენდა.

ანტიკორუფციული პროკურატურა ოდესის მერს და მის მოადგილეს, პაველ ვუგელმანს ოდესის საქალაქო საბჭოს მიერ 2016 წელს კერძო სტრუქტურისგან ქარხანა „კრაიანის“ შენობის შეძენის გზით ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების მითვისებას ედავება.