ხუთშაბათს საღამოს ისრაელმა განაცხადა, რომ ცახალის ჯარისკაცებმა ღაზის სექტორში „ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს.

სინვარი, სამხრეთ ისრაელში 7 ოქტომბრის „ჰამასის" შემოჭრისა და ხოცვა-ჟლეტის არქიტექტორი, ორ სხვა ტერორისტთან ერთად მოკლეს ოთხშაბათს სროლის დროს რაფაში, სამხრეთ ღაზაში, განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა და შინ ბეტმა (ისრაელის უსაფრთხოების სამსახური).

ის არ ყოფილა პირდაპირი სამიზნე და ჯარისკაცები მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ მოკლული სამი ტერორისტიდან ერთ-ერთი სავარაუდოდ სინვარი იყო, როდესაც ხუთშაბათს დილით დაათვალიერეს სროლის ადგილი.

დადასტურება იმისა, რომ ერთ-ერთი მოკლულთაგანი ნამდვილად სინვარი იყო, მიღებული იქნა დნმ-ის და სხვა ტესტების მეშვეობით.  

ისრაელის სამხედროების განცხადებას იმის შესახებ, რომ „ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი „ლიკვიდირებულია" მსოფლიო ლიდერები მიესალმნენ.

„იაჰია სინვარი  იყო მთავარი პასუხისმგებელი 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმებსა და ბარბაროსულ აქტებზე“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

„ეს კარგი დღეა ისრაელისთვის, შეერთებული შტატებისთვის და მსოფლიოსთვის”, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ აშშ-ს დაზვერვამ ხელი შეუწყო ისრაელის ნადირობას „ჰამასის" ლიდერზე.  

„სინვარი არის პასუხისმგებელი ათასობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელობაზე, მათ შორის 7 ოქტომბრის მსხვერპლზე და ღაზაში მოკლულ მძევლებზე“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა კამა ჰარისმა  და დასძინა, რომ მკვლელობა იძლევა ღაზაში ომის დასრულების შესაძლებლობას.

იაჰია სინვარის მოკვლის შესახებ ინფორმაციას მიესალმნენ აგრეთვე იტალიის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ანტონიო ტაიანი და ანალენა ბერბოკი.