აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს კომპენსაციას მოსთხოვს ომის დროს მიყენებული ზიანისთვის. ამის ფონზე აშშ-ს სტრატეგიული ნავთობის რეზერვი 40 წელში პირველად 300 მლნ ბარელზე ქვემოთ დაეცა, ხოლო ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ახალი მოთხოვნა მოლაპარაკებებს კიდე უფრო გაართულებს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ კომპენსაციას მოითხოვს ირანისგან „წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის". განცხადება მან საკუთარ Truth Social-ის გვერდზე გააკეთა, მას შემდეგ რაც თეირანმა აშშ-სა და ისრაელისგან ომის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

ტრამპის თქმით, ირანმა კომპენსაციის საკითხი "არასდროს ახსენა" წინა მოლაპარაკებებსა და შეხვედრებზე.

„მეც ასევე ვითხოვ კომპენსაციას ირანისგან, იმ ყველა ადამიანისთვის, ვინც მათ მოკლეს და მძიმედ დაჭრეს სანაოსნო გზისპირა ნაღმებითა და სხვა კონფლიქტებში... მათ შორის საესკადრო ნაღმოსან USS Cole-ზე დაღუპულთა ოჯახებისთვის და ბრძოლაში დაღუპული ათასობით სხვა ადამიანისთვის", - წერს ტრამპი.

ამასთან, მან ირანს ასევე მოსთხოვა კომპენსაციის გადახდა ბოლო 50 წლის განმავლობაში ირანში დაღუპული მომიტინგეების ოჯახებისთვის და „ბოლო ხუთ თვეში დაღუპული 52 000 ადამიანისთვის". ტრამპმა აღნიშნა, რომ თავის წარმომადგენლებს დაავალა მოთხოვნა მომავალ მოლაპარაკებებში ჩართონ.

პარალელურად აშშ-ს სტრატეგიული ნავთობის რეზერვი 1983 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, SPR-ის მარაგი გასულ კვირას 6.1 მლნ ბარელით შემცირდა და 298.7 მლნ ბარელი შეადგინა. რეზერვის საერთო მოცულობა 713.5 მლნ ბარელია.

მარაგები მკვეთრად შემცირდა კოვიდპანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის დროს დიდი გამოყოფების გამო. ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ აშშ 2026 წლის განმავლობაში SPR-იდან 172 მლნ ბარელის გამოყოფას გეგმავს. ეს ნაბიჯი საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოსთანაა კოორდინირებული.

ენერგეტიკის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ SPR-ის ოპერაციული მინიმალური ზღვარი 70 მლნ ბარელია. ამ ნიშნულზე ქვემოთ ჩამოსვლის შემთხვევაში რეზერვს სტრუქტურული დაზიანება შეიძლება მიადგეს.

Al Jazeera-ს კორესპონდენტი მაიკ ჰანა ვაშინგტონიდან წერს, რომ ტრამპის ახალი მოთხოვნა უკვე დაძაბულ მოლაპარაკებებს კიდევ უფრო გაართულებს.

„თუ ეს ყველაფერი პრეზიდენტ ტრამპის გაჭიანურებული ხუმრობა არ არის, მაშინ ამ საკითხის ახლა დაყენებამ შეიძლება უკვე პრობლემური პროცესი სულ ჩააგდოს", - აღნიშნავს ის.

ჰანას თქმით, ტრამპის ადმინისტრაციაში საჯარო და კერძო ომი" მიმდინარეობს. საჯაროდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანმა ომი წააგო და ეკონომიკური ბლოკადა თეირანს ახრჩობს. თუმცა მისი მრჩევლები ამბობენ, რომ „ნახევრად მოლაპარაკებების" დაბალი ტონის შენარჩუნება სწორედ ირანზე ეკონომიკური მოხრჩობის გასაგრძელებლად არის საჭირო.

კრიტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ ტრამპი „off-ramp"-ს, ანუ ომიდან გამოსვლის გზას ეძებს, რადგან ომმა მას პოლიტიკური ზიანი მიაყენა.

წყარო: Al Jazeera

მოამზადა რაულ კაპანაძემ