აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ამერიკის სამომავლო ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებით, მთლიანად იქნება დამოკიდებული საქართველოს ქმედებებზე.

"ჩვენს პასუხებს საქართველოს მოქმედებები განსაზღვრავს. უკვე რამდენიმე თვეა საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს. ჩვენ უკვე შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის და ჩვენ სხვა დახმარება გვაქვს, რომელიც განხილვის პროცესშია", - განაცხადა მეთიუ მილერმა.

მან ამავე ბრიფინგზე მან თქვა, რომ არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების კურსი არ შეიცვლება და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, კარგად გაიაზრონ რა ტიპის პოლიტიკის წარმოება სურთ და ამ გადაწყვეტილებისას, საქართველოს მოსახლეობის ნებაც გაითვალისწინონ:

"ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ოფიციალურ პირებს, ისეთი პოლიტიკის გაძლიერების ნაცვლად, რომელსაც ავტორიტარები აქებენ, განიხილონ ურთიერთობა, რომლის ქონაც ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან სურთ. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს, რომ ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში იხილოს. საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მოქმედი მთავრობის მიერაა წარმოდგენილი და მიღებული, ხაზს უსვამს ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებას. ყველა მხარე ემხრობოდა ამ მიზანს, მაგრამ მმართველმა პარტიამ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც შეუთავსებელია ამ კურსთან".

მან ისაუბრა საარჩევნო პროცესზე:

"ქართველები შაბათს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც საარჩევნო გარემო განპირობებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის, საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვით და ამომრჩეველთა დაშინებით. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო არათანაბარი სათამაშო მოედნის შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ".

მან გაიმეორა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოწოდება, საარჩევნო დარღვევების გამოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებით:

"ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, საარჩევნო დარღვევების სრული გამოძიების მოთხოვნაში. ასევე მოვუწოდებთ, პატივი სცენ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტურ უფლებას".

მილერის თქმით, საქართველოს ჯერ არ დაუკარგავს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების შანსი და ამისთვის რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.

"საქართველოს მთავრობას შეუძლია თავიდან დაბრუნდეს ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ გზას - კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული პრობლემების გადაჭრით, არადემოკრატიული კანონმდებლობის უკან გაწვევით და ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეკომენდაციების ზედმიწევნით კარგად შესრულებით. ამ წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, შეეწყვიტა ანტიდემოკრატიული ქმედებები და დაბრუნდებოდა თავის ევროატლანტიკურ გზას".

შეკითხვაზე პასუხად, აღიარებს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, მილერმა თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება მოხდეს.

საარჩევნო დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე მილერმა დააკონკრეტა: "მე არ მითქვამს, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ ეს გამოძიება. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან და განვიხილავთ რომელმა უწყებამ შესაძლოა რომ ეს გამოძიება ჩაატაროს".

შეკითხვაზე პასუხად, ხედავს თუ არა რუსეთის ჩართულობას საქართველოს არჩევნებში, მილერმა თქვა, რომ ამაზე პასუხი, ამ ეტაპზე, არ აქვს და გამოძიებას დაელოდება. თუმცა, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ქმედებებს.

"ამ ეტაპზე შეფასება არ მაქვს. რუსეთის ჩარევის შესახებ განცხადებების მიღმაც კი, ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველი პარტია დგამდა ნაბიჯებს, რომელიც ზღუდავდა ქართველების უფლებას მონაწილეობა მიეღოთ სრულიად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ ხმების ყიდვა, ჩვენ ვნახეთ დარბევა და რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ჩარევისგან ცალკე საკითხია. ვიტყვი, რომ ჩვენ გვინახავს წლების განმავლობაში როგორ ერეოდა რუსეთი მისი მეზობლების არჩევნებში, ვნახეთ მისი ჩარევა ჩვენს არჩევნებში. ყურადღებით დაკვირვებას ვაგრძელებთ, მაგრამ ამ არჩევნებთან დაკავშირებით შეფასება არ მაქვს", - განაცხადა მეთიუ მილერმა.