აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უერთდებიან საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ.
"ქართველი ხალხი შაბათს არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ხმების ყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების ფონზე შეიქმნა. ამან ხელი შეუწყო არათანაბარ გარემოს და არჩევნების სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას ძირი გამოუთხარა.
ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს",- თქვა მილერმა.
ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განიხილონ ის, თუ როგორი ურთიერთობა სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ვიდრე იმ პოლიტიკის გაძლიერება, რომელსაც ავტორიტარები აქებენ.
"ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს სურს იხილოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებული ქვეყანა. ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული და მხარდაჭერილი საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს სწრაფვას ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებისკენ. ამ მიზნის მხარდასაჭერად ყველა პარტია აწარმოებდა კამპანიას, მაგრამ მმართველმა პარტიამ ამ კურსთან შეუთავსებელი ზომები მიიღო. საქართველოს მთავრობას შეუძლია, დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას კანონის უზენაესობის დაცვით, საარჩევნო პროცესში ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების შესახებ რეკომენდაციების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით. მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. ჩვენ არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება", - განაცხადა მეთიუ მილერმა.
მას ჰკითხეს უშუალოდ არჩევნების შესახებ, თუ როგორ წარიმართა პროცესი:
"ამ დროისთვის შედეგების საბოლოო შეფასება არ გვაქვს, ჩვენ გვინდა, რომ გამოძიება ჩატარდეს. გვინდა, რომ პროცესის გამოძიება ვნახოთ. ჩვენ დარღვევები აღვნიშნეთ და სრული გამოძიების შესახებ ადგილობრივი ოფიციალური პირების მოწოდებებს ვუერთდებით".
მეთიუ მილერმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
"ამ ეტაპზე შეფასება არ მაქვს. რუსეთის ჩარევის შესახებ განცხადებების მიღმაც კი, ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველი პარტია დგამდა ნაბიჯებს, რომელიც ზღუდავდა ქართველების უფლებას მონაწილეობა მიეღოთ სრულიად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ ხმების ყიდვა, ჩვენ ვნახეთ დარბევა და რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ჩარევისგან ცალკე საკითხია. ვიტყვი, რომ ჩვენ გვინახავს წლების განმავლობაში როგორ ერეოდა რუსეთი მისი მეზობლების არჩევნებში, ვნახეთ მისი ჩარევა ჩვენს არჩევნებში. ყურადღებით დაკვირვებას ვაგრძელებთ, მაგრამ ამ არჩევნებთან დაკავშირებით შეფასება არ მაქვს", - განაცხადა მეთიუ მილერმა.