აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, აშშ-ს ირანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის მხრივ "მნიშვნელოვანი პროგრესი" აქვს. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
რუბიომ დაამატა, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ს პარტნიორებთან ერთად პროგრესს მიაღწიეს შეთანხმების მონახაზზე მუშაობაში, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამასა და ჰორმუზის სრუტის გახსნას მოიცავს.
"მას გაცილებით ურჩევნია, რომ ეს პრობლემა მე და სახელმწიფო დეპარტამენტმა მოვაგვაროთ, ვიდრე მისი მოგვარება ომის დეპარტამენტს მოუწიოს. თუმცა პრობლემა ასე თუ ისე მაინც მოგვარდება. გასული 48 საათის განმავლობაში პროგრესს მივაღწიეთ სპარსეთის ყურის რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან მონახაზზე მუშაობაში, რომელიც, წარმატების შემთხვევაში, საბოლოოდ დაგვიტოვებს არა მხოლოდ სრულად ღია სრუტეს და მე ვგულისხმობ ღია სრუტეს გადასახადების გარეშე, არამედ ზოგიერთ საკვანძო საკითხსაც მოაგვარებს, რომლებიც წარსულში ირანის ბირთვული იარაღის საფუძველს ქმნიდა". - თქვა რუბიომ.
სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ-ს საბოლოო მიზანს წარმოადგენს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს.
"საბოლოო მიზანი არის, რომ ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
არ შეიძლება, რომ ირანს ბირთვული იარაღი ოდესმე ჰქონდეს. პრეზიდენტმა ამის შესახებ ძალიან ნათლად განაცხადა. მათ ბირთვული იარაღი არასდროს ექნებათ, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არა, სანამ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპია". - თქვა რუბიომ.
რუბიომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო წყლით სავალი გზაა და მას ირანი არ ფლობს, ხოლო სრუტეში კომერციული ხომალდების განადგურების მუქარა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. მისივე თქმით, ამ მოქმედების ნორმალიზების შემთხვევაში მიუღებელ სტატუს-კვო გახდება ნორმალიზებული.
"რაც შეეხება სრუტეს, ეს საერთაშორისო წყლით სავალი გზაა. ისინი მას არ ფლობენ.
ეს საერთაშორისო წყლით სავალი გზაა და რასაც ახლა აკეთებენ, ფაქტობრივად იმუქრებიან, რომ საერთაშორისო წყლითსავალი გზის გამოყენებით კომერციული ხომალდებს გაანადგურებენ. ეს უკანონოა საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი ცნების ფარგლებში, რომელსაც ვემორჩილებით.
თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ეს ნორმალური გახდეს, მიუღებელ სტატუს-კვოს გავუწევთ ნორმალიზებას და სახიფათო პრეცედენტს შევქმნით, რომელიც ამ რეგიონსა და მსოფლიოში რამდენიმე ადგილას შეიძლება განმეორდეს. ამიტომ, პრეზიდენტს სურს, გამონახოს დიპლომატიური გზა, რომლითაც ეს პრობლემები შეიძლება მოგვარდეს. პრეზიდენტი ამას ამჯობინებს". - თქვა რუბიომ.








