აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ხელახლა თქვა, რომ აშშ NATO-ს არ ტოვებს და ასევე აღნიშნა, რომ ალიანსში სხვა წევრი ქვეყნების გავლენისა და სამხედრო შესაძლებლობების ზრდას საფრთხედ არ აღიქვამს და, პირიქით, დადებითად აფასებს. მისივე თქმით, აშშ-ს არ სურს, რომ NATO აშშ-ს "ვასალი" იყოს. ამის შესახებ რუბიომ ბრატისლავაში სლოვაკეთის პრემიერთან, რობერტ ფიცოსთან გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
რუბიომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ NATO-ს ცალკეული წევრი ქვეყნების გაძლიერება საბოლოოდ მთლიანობაში ალიანსს აძლიერებს.
"NATO-ს არ ვტოვებთ. ვფიქრობთ, რომ არ არის უარყოფითი რამ, რომ სხვა ქვეყნებს, პარტნიორ ქვეყნებს NATO-ში მეტი გავლენა ჰქონდეთ ან სხვა ქვეყნებს NATO-ში მეტი სამხედრო შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამას დადებითად ვაფასებთ. გუშინ ზოგან ვნახე გაშუქებული, თითქოს "ევროპელებს ძალიან სწყინთ, რომ ამერიკაზე ნაკლებად დამოკიდებულები იქნებიან". ჩვენ არ გვინდა, რომ თქვენ დამოკიდებულები იყოთ, არ ვითხოვთ ევროპისგან, რომ აშშ-ს ვასალი იყოს. გვსურს, რომ თქვენი პარტნიორები ვიყოთ, ევროპასთან მუშაობა გვსურს, ჩვენს მოკავშირეებთან მუშაობა გვინდა, გვსურს, რომ თქვენთან ვითანამშრომლოთ და ჩვენი სათქმელი იყო და კვლავ არის, რომ რაც უფრო ძლიერები არიან NATO-ს წევრები, მით უფრო ძლიერია NATO. ეს არ არის მინუსი, ეს უბრალოდ საღი აზრია. თუ გყავს ალიანსი, რომელიც შედგება ქვეყნებისგან, რაც უფრო ძლიერები არიან ეს წევრები, მით უფრო ძლიერია ალიანსიც. ჩვენ კი გვსურს, რომ ალიანსი იმდენად ძლიერი იყოს, რომ მისი გამოცდა არასდროს არავინ არ გაბედოს, არავინ არასდროს გაბედოს მისი გამოწვევა. ამიტომ, ინდივიდუალური წევრების მხრიდან ყველანაირ ზომას მივესალმებით, რომლებიც ალიანსის გაძლიერებას ემსახურება და ამას ძალიან დადებით მოვლენად აღვიქვამთ". - თქვა რუბიომ.
რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის "საკუთარი ხალხის დაცვის უნარი" ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. მისივე განმარტებით, ეს არის მიზეზი, თუ რატომ მოუწოდებს აშშ NATO-ს პარტნიორებს სამხედრო შესაძლებლობების ზრდისკენ.
"საკუთარი ხალხის დაცვის უნარი ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საკვანძო კომპონენტია. არ არსებობს, არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც ყველა სახელმწიფოს აკისრია, ვიდრე საკუთარი ხალხისა და საკუთარი ქვეყნის დაცვა. ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვსაუბრობთ NATO-ში ჩვენი პარტნიორების სამხედრო შესაძლებლობების მნიშვნელობაზე. ყოველთვის, როდესაც ამას ვამბობთ, ხალხი გიჟდება, ფიქრობენ: "ეს ნიშნავს, რომ თქვენ NATO-ს მიატოვებთ, თქვენს მოკავშირეებს მიატოვებთ". ჩვენ იმას ვამბობთ, რომ რაც უფრო ძლიერები არიან ჩვენი მოკავშირეები, მით უფრო ძლიერები ვართ კოლექტიურად". - თქვა რუბიომ.








