კვლევის თანახმად, Covid-19-ის პანდემიამ სიცოცხლის საშუალო სავარაუდო ხანგრძლივობა 1.6 წლით შეამცირა. მაჩვენებელმა პირველი ორი წლის განმავლობაში გლობალურად დაიკლო. ცვლილება მეცნიერთათვის მოსალოდნელზე მასშტაბური აღმოჩნდა. ნაშრომი ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.
IHME-ს მონაცემებით, სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა ათწლეულების განმავლობაში მატულობდა. შესაბამისად, პანდემიის პერიოდი ამ მხრივ გარდამტეხი აღმოჩნდა.
კვლევის ფარგლებში, 204 ქვეყანა და ტერიტორია გააანალიზეს. 2020-2021 წლებში სიცოცხლის ხანგრძლივობა მათში 84%-ით შემცირდა. მკვლევრების თქმით, ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ გამანადგურებელი გავლენა შეიძლება იქონიოს ხალხზე ახალმა ვირუსმა.
ამ დროის განმავლობაში, 15 წელს ზემოთ ადამიანთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 22%-ით გაიზარდა კაცების შემთხვევაში, ქალებში კი - 17%-ით.
მეხიკო, პერუ და ბოლივია იმ ადგილებს შორისაა, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მეტად შემცირდა.
საგულისხმოა, რომ კვლევის მონაცემებით დადებითი ტენდენციაც გამოვლინდა: ხუთ წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, 2021 წელს, იმაზე ნახევარი მილიონით ნაკლები ბავშვი დაიხოცა, ვიდრე 2019-ში. გამოდის, ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებას განაგრძობს.
ამასთანავე, პანდემიამ სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამცირა, თუმცა, მკვლევრების თქმით, ხალხი მაინც იმაზე ბევრად დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე უწინ. ცნობილია, რომ 1950-2021 წლების შუალედში დაბადებისას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 23 წლით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი, კერძოდ, 49 წლიდან 72 წლამდე ავიდა.
მკვლევართა შეფასებით, კოვიდის შედეგად, 2020-2021 წლებში იმაზე 15.9 მილიონით მეტი ადამიანი დაიხოცა, ვიდრე ეს პანდემიის გარეშე მოხდებოდა. სიკვდილის შემთხვევები ან თავად ვირუსმა გამოიწვია, ანდაც პანდემიასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა.