უკრაინა ომის დროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის "სუპერ აქტივი" გახდა,– განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ლონდონში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე.

მისი თქმით, "თუ სრულმასშტაბიან ომამდე უკრაინას უფრო მეტად სჭირდებოდა NATO თავის დასაცავად და გასაძლიერებლად, ახლა NATO-ს სჭირდება უკრაინა".

"ახლა პარტნიორები, ჩვენი წევრობის წინააღმდეგ, ფიქრობენ ტვირთის ლოგიკით, როგორც ომამდეც საუბრობდნენ. მაგრამ სინამდვილეში რეალობა შეიცვალა: უკრაინა აქტივია! იმიტომ, რომ მაგალითად, ახლა, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნები გერმანიას სთხოვენ ბრიგადის გაგზავნას რუსეთისგან დასაცავად, მას შემდეგ რაც უკრაინა NATO–ში გაწევრიანდება, რომელი ბრიგადა განთავსდება ბალტიისპირეთის ქვეყანაში? უკრაინული. გერმანელებს არ მოუწევთ თანხის, რესურსების დახარჯვა და რუსეთთან პირდაპირი შეტაკების პოლიტიკური რისკის ქვეშ დადგომა“, - თქვა კულებამ Suspilne-სთან ინტერვიუში.

მინისტრის თქმით, მას ლონდონში "თითქმის 10 ორმხრივი შეხვედრა" ჰქონდა, სადაც მთავარი თემა ვილნიუსის სამიტი და ნატო იყო.