კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს.
მაიამის ფედერალურ სასამართლოში წარდგენილი ბრალდების მიხედვით, 94 წლის რაულ კასტროს ბრალი ედება აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობის შეთქმულებაში, მკვლელობის ოთხ ეპიზოდსა და თვითმფრინავების ჩამოგდების ორ ფაქტში. საქმეში კიდევ ხუთი პირი ფიგურირებს.
საქმე 1996 წლის ინციდენტს უკავშირდება, როდესაც კუბის სამხედრო ავიაციამ ჩამოაგდო ორი თვითმფრინავი, რომლებსაც მაიამიში დაფუძნებული კუბელი ემიგრანტების ჯგუფი მართავდა. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში რაულ კასტროს შესაძლოა, უვადო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯაც ემუქრებოდეს.
აშშ-ის მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა, ტოდ ბლანშმა განაცხადა, რომ აშშ საკუთარ მოქალაქეებს არ ივიწყებს.
„ჩემი გზავნილი დღეს ნათელია: აშშ და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ მოქალაქეებს არ ივიწყებენ და არც დაივიწყებენ”,- განაცხადა ბლანშმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად რეალურია რაულ კასტროს აშშ-ში გადაყვანა სასამართლოს წინაშე წარსადგენად, ბლანშმა უპასუხა, რომ აშშ რეგულარულად უყენებს ბრალს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ პირებს.
„ეს არ არის სიმბოლური ბრალდება. კასტრო აქ საკუთარი ნებით ან სხვა გზით აღმოჩნდება”, – განაცხადა ბლანშმა.









