ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო ინიციატივას "ოსი და-ძმებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ", რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის პერიოდში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი გამოეხმაურა.

კოკოითი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით რეალურად განიმსჭვალა, მაშინ უპირველესად, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს", ცხინვალთან ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს მოაწეროს ხელი და ოსეთისთვის სხვა ტერიტორიების დაბრუნების საკითხი განიხილოს.

"თუ საქართველო სამხრეთ ოსეთის მიმართ პატივისცემით არის განმსჭვალული, მაშინ, პირველ რიგში, საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ შეთანხმებას, რომელიც ქმნის გარანტიებს მშვიდობისა და საომარი მოქმედებების არგანახლების შესახებ, ამავდროულად დააყენებს საქართველოს მიერ ოკუპირებული ოსური ტრუსოვსკის (თრუსოს), გუდსკის (გუდაურის) და სხვა ხეობების დაბრუნების საკითხს.

ჩვენ მშვენივრად ვიცით და პატივს ვცემთ ჩვენს ისტორიას, არ დაგვვიწყებია 1920 წლის გენოციდი, ოსური ინტელიგენციისა და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების განადგურება, ჟორდანიას, გამსახურდიასა და მათი მიმდევრების შოვინიზმი. თუ ჩვენი წინაპრები თავის დროზე ქართველი ხელმძღვანელების ასეთივე ტკბილ სიტყვებს ენდნენ, ჩვენ ჩვენი მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის მსგავს შეცდომას აღარ დავუშვებთ და კატეგორიულად არ ვაპირებთ პატიებას! ივანიშვილის მცდელობა, ყველაფერი სააკაშვილსა და აშშ-ს დააბრალოს ძალზე არაშორსმჭვრეტელურია. პასუხისმგებელია მთელი საქართველო, რომელმაც საკუთარი დამოუკიდებლობა დათმო და აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთის მარიონეტად იქცა.

მოვუწოდებ ჩემს თანამემამულეებს, მომავალს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ და არ აჰყვნენ ივანიშვილის მიერ სამხრეთ ოსეთში დაფინანსებულ რიგ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს. მივმართავ ოს ძმებს როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ოსეთში: იყავით მაქსიმალურად ფრთხილად, რათა 1920, 1990-იანი და 2008 წლების ტრაგედიები არ განმეორდეს, რათა ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს აღარ დაუდგეთ მსგავსი ტრაგიკული გამოცდა და კვლავ არ მოუწიოთ სიცოცხლის უფლების დაცვა იარაღით ხელში. მიმდინარე საშემოდგომო პოლიტიკური სეზონი იქნება ძალზე საპასუხისმგებლო და დაძაბული. და საქმე აქ მარტო მეზობელ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში არაა, ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა - ოსეთში ქართული სპეცსამსახურების მძინარე ერთეულები გააქტიურდებიან. ივანიშვილის განცხადებები უპირველესად, სიგნალია ჩვენი შიდა მტრებისთვის, მეხუთე კოლონიისთვის, რომელსაც ის თავადვე აფინანსებს. ისინი როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედებენ, როგორც პოლიტიკურ პარტიებში, ისე საზოგადოებრივ ორგანიზაციებში არიან ჩანერგილები, მათ ნათესავებსა და სხვა შუამავლებს საქართველოში საბანკო ანგარიშები გააჩნიათ და აბსოლუტურად არ ადარდებთ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ბედი, რადგან მათთვის სამშობლო არის იქ, სადაც დიდი ფულია და არა ღირსება და ეროვნული სიამაყე. მათ ეს უკვე არაერთხელ დაამტკიცეს თავისი კავშირებით არა მარტო ივანიშვილთან, არამედ სააკაშვილის გუნდთანაც, საქართველოში სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ მთავრობასთან".

ამასთანავე, სეპარატისტთა ყოფილი ლიდერი წერს, რომ "ქართველებთან მშვიდობა აუცილებლად რუსეთის პირობებს უნდა დაეფუძნოს, რათა საქართველომ და სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებმა ვეღარასოდეს დააყენონ საფრთხის ქვეშ რეგიონული სტაბილურობა არარეგიონული სახელმწიფოებისა და სამხედრო ბლოკების ინტერესში",

"ჩვენ მზად ვართ თანასწორი და სამართლიანი დიალოგისთვის ჩამოყალიბებული რეალობის გათვალისწინებით: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნებია, რომელთა სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციის საიმედო ფორპოსტად, რუსეთის მყარ საყრდენად უნდა იქცეს. სხვა გზები ჩვენი ხალხებისთვის მიუღებელია" - წერს კოკოითი.