დიდი ბრიტანეთი აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის არსებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ლიბანის რაც შეიძლება სწრაფად ჩართვისკენ მოუწოდებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა დაგმო ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული თავდასხმები.
„მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უდავოდ მისასალმებელია, ის ასევე ძალიან მყიფეა. რეგიონი კვლავ დაძაბულ მდგომარეობაშია და დიდი სამუშაოა საჭირო ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად სიტუაციის დეესკალაციისთვის, რაც მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევამდე მიგვიყვანს”, – განაცხადა სტარმერმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ,,ჰეზბოლა“ უნდა განიარაღდეს, ისრაელის ლიბანზე დარტყმები „არასწორია“.
„ამას დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება. ლიბანის დაბომბვა ახლავე უნდა შეწყდეს“, – განაცხადა სტარმერმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გასულ კვირას გაკეთებულ მუქარაზე საუბრისას, რომ „მთელი ცივილიზაცია მოკვდება“, თუ ირანი შეთანხმებას არ დათანხმდება, სტარმერმა განაცხადა, რომ ტრამპის საუბარი „არასწორი“ იყო.
„ეს არასწორია. გავიხსენოთ ესენი ის მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებმაც ირანის რეჟიმისგან მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში განუზომელი ზიანი განიცადეს“, – განაცხადა სტარმერმა.
ამასთან, სტარმერმა ისაუბრა ჰორმუზის სრუტეზე და აღნიშნა, რომ „ნავიგაციის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და უნდა აღდგეს“.









