თავის ერთ-ერთ პირველ ოფიციალურ აქტში, ბრიტანეთის ახალი პრემიერ მინისტრი კეირ სტრამერი აცხადებს, რომ წყვეტს რუანდასთან თავშესაფრის შესახებ საკამათო შეთანხმებას.

აღნიშნული შეთანხმების გაუქმება კეირ სტრამერის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ინფორმაცია მისი გაუქმების შესახებ მან „ტელეგრაფს" დაუდასტურა.

პროექტი „მკვდარი დაწყებამდე იყო მკვდარი" და არადდროს ყოფილა მიგრაციის შემაკავებელი, - განაცხადა მან.

არალეგალურ მიგრაციას ახალი ხელისუფლება პრიორიტეტულ საკითხთა რიგში განიხილავს. ბოლო წლებში დიდ ბრიტანეთში ათიათასობით მიგრანტი ჩავიდა ისინი ხშირად გადიან სარისკო გზას ინგლისის პატარა ნავებით. შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ივეტა კუპერმა პარასკევს განაცხადა, რომ მთავრობის ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი საზღვრის დაცვა იქნება.

რუანდაში არალეგალური ემიგრანტების გაგზავნის გეგმები პირველად ბორის ჯონსონის კონსერვატიული მთავრობის დროს განიხილეს. სანაცვლოდ აფრიკულმა ქვეყანამ ფული ლონდონიდან უნდა მიიღოს. გასული წლის ბოლოს, რიში სუნაკის მთავრობამ რუანდასთან გააფორმა შესაბამისი შეთანხმება. The Telegraph-ის ცნობით, ბრიტანეთის მთავრობას შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტა მასში ჩადებული პუნქტის გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ წყდება რუანდისთვის თანხების გადარიცხვა. გაზეთის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან 270 მილიონი ფუნტი გადაირიცხა.

რუანდაში არალეგალური მიგრანტების გადაყვანისთვის მზადება ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაიწყო, მაგრამ შემდეგ ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო ხელისუფლების ქმედება. მიუხედავად იმისა, რომ რიში სუნაკის მთავრობამ მიიღო ისეთი კანონი, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლა იყო შესაძლებელი, პროცესი არ იყო დაწყებული და რუანდაში არცერთი მიგრანტი არ იყო გადაყვანილი.

რუანდაში არალეგალური მიგრანტების გადაგზავნის შესახებ დიდ ბრიტანეთზე უფრო ადრე დანიამ დაიწყო მზადება. ცოტა ხნის წინ მანვე მხარი კოსოვოს მთავრობასთან გააფორმა შეთანხმება 210 მილიონი ევროს სანაცვლოდ ციხის 300 საკნის 10-წლიანი იჯარით აღების შესახებ. საკნებში დანიაში სასჯელმისჯილ მიგრანტებს გადაიყვანენ.