საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ბოლნისის სიონის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების II ეტაპი მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ბოლნისის სიონის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების II ეტაპი მიმდინარეობს
ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, რომელიც ბოლნელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე ეფრემს შეხვდა. მათ დაათვალიერეს ძეგლი, გაეცნენ მის არსებულ მდგომარეობას და განიხილეს დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში ტაძრის ინტერიერსა და ექსტერიერში მიმდინარეობს ქვის საკონსერვაციო სამუშაოები. განხორციელდა საბჭოთა პერიოდში ცემენტის დუღაბზე მოწყობილი იატაკის მოხსნა, ხოლო უახლოეს პერიოდში დაიწყება ახალი, ბუნებრივი ქვის იატაკის დაგება. არქეოლოგიური ზედამხედველობით მოხდება სამარხების მოწესრიგება. ასევე, დაგეგმილია ტაძრის ტერიტორიის კეთილმოწყობა და ინტერიერში ელექტროგაყვანილობის სისტემის მონტაჟი. ამავდროულად, ხორციელდება საკურთხეველსა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მინაშენზე არსებული დაზიანებული სახურავის დემონტაჟი და ახალი სახურავის მოწყობა.
ბოლნისის სიონის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოლნისის ჩრდილოეთით, საავტომობილო გზის პირას. კომპლექსის დომინანტური ნაგებობაა V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, ნაგები ბოლნური ტუფის თლილი კვადრებით, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადრექრისტიანულ ძეგლს საქართველოში. - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.








