კატარის შუამავლობით, ისრაელსა და "ჰამასს" შორის პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ინფორმაციას ტერორისტული დაჯგუფებიდან წყაროზე დაყრდნობით, ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua ავრცელებს.
"ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, კატარი ცდილობს მიაღწიოს სასწრაფო შეთანხმებას, რომელიც გამოიწვევს "ჰამასის" მიერ დატყვევებული ისრაელელი ქალების გათავისუფლებას ისრაელის ციხეებში პალესტინელი ქალი პატიმრების სანაცვლოდ," - განუცხადა ანონიმურმა წყარომ Xinhua-ს.
გავრცელებულ ინფორმაციაზე ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია.
ამჟამად ისრაელის ციხეებში 36 პალესტინელი ქალია, რომელთა გათავისუფლებასაც "ჰამასი" ცდილობს.