"ჰამასის" მტკიცებით, მას ირანი დაეხმარა, ისრაელზე რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა განეხორციელებინა, - წერს BBC.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჯერ არ აქვს ირანის პირდაპირი ჩართულობის მტკიცებულება.
თავის მხრივ ირანის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს "ჰამასის" მებრძოლების მიერ ისრაელზე თავდასხმას. ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ ისრაელზე თავდასხმას პალესტინელი ჯარისკაცებისა და ყველა პალესტინელი ჯგუფის "გამარჯვება" უწოდა.
ცნობისთვის: ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის" თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.
საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც "ჰამასმა" ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 7 ოქტომბერს ისრაელმა ღაზაზე საპასუხო დარტყმები დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.