გაეროში ირანის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ თეირანს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმასთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
"პალესტინის მიერ გადამწყვეტი ზომები, წარმოადგენს კანონიერ ქმედებას შვიდი ათწლეულის განმავლობაში არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული მჩაგვრელი ოკუპაციისა და საზარელი დანაშაულების წინააღმდეგ.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას, თუმცა არ ვმონაწილეობთ პალესტინის ღონისძიებებში, რადგან გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ თავად პალესტინა", - განაცხადეს ირანის წარმომადგენლობაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანი არ მალავს "ჰამასის" მხარდაჭერას, აფინანსებს და იარაღს აწვდის დაჯგუფებას, ასევე ეხმარება კიდევ ერთ პალესტინურ დაჯგუფება "ისლამისტურ ჯიჰადს". გაეროში ირანის მისიამ განაცხადა, რომ "ჰამასის" ოპერაციის "წარმატება" აიხსნება მისი მოულოდნელობით, რამაც ისრაელის სპეცსამსახურების "მასშტაბური ჩამოშლა" გამოიწვია.