კანადის ფედერალურმა მთავრობამ ორშაბათს შემოიღო კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს რეფორმების პაკეტის განხორციელებას უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, უცხოელი აგენტების რეესტრისა და კანადის სადაზვერვო სააგენტოს გარშემო არსებული კანონმდებლობის ცვლილებების ჩათვლით.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა დომინიკ ლებლანმა კანონმდებლობა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად შემოიღო. კანონპროექტი თემთა პალატაში მოსამართლე მარი-ჟოზე ჰოგის შუალედური მოხსენების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში შევიდა.

კანონმდებლობა ითვალისწინებს უამრავ ცვლილებას კანადის კანონებში, რომლებიც დაკავშირებულია საგარეო ჩარევასთან.

CSIS-ის აქტში შემოთავაზებული ცვლილებები საშუალებას მისცემს სადაზვერვო სააგენტოებს, ინფორმაცია ძირითად პარტნიორებს კანადის მთავრობის გარეთაც გაუზიარონ, რასაც ბიზნესი და პროვინციები დიდი ხანია, ითხოვენ.

ინფორმაციის უსაფრთხოების აქტი დანერგავს ახალ დანაშაულებს, როგორიცაა სხვა საკითხებთან ერთად, "კანადაში დემოკრატიული უფლებების განხორციელებაზე" გავლენის მოხდენის მიზნით, უცხოური სუბიექტის მითითებით შეცდომაში შეყვანა.

კანონპროექტი ასევე აამოქმედებს უცხოური ჩარევის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების აქტს, რომელიც შექმნის ახალ კომისარს, რომელიც გააკონტროლებს იმ პირთა საჯარო რეესტრს, რომლებიც უცხოური აგენტის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ სპეციალური გამონაკლისები დაშვებული იქნება დიპლომატებისა და მთავრობის ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც კანადაში ოფიციალურად საქმიანობენ.

აღსანიშნავია, რომ კანადასა და საქართველოში წარმართულ პროცესებს, ისევე, როგორც კანონმდებლობის მიზანსა და აზრს შორის ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს.