"საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კარი ამ დროისთვის დახურა, მაგრამ ეს კარი შეიძლება, ნებისმიერ დროს გაიხსნას, თუ ეს კანონი გაუქმდება, ამიტომ თბილისში დემონსტრანტებს ჩვენი წახალისება და სოლიდარობა სწორედ ახლა სჭირდებათ". 

ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა გერმანულ გამოცემა Vorwaerts- თან ინტერვიუში განაცხადა.

„ავტორიტარიზმი ყველგან ძალიან მსგავს მექანიზმებს იყენებს. სამოქალაქო საზოგადოება დაშინებულია, უმცირესობები – განსაკუთრებით სექსუალური უმცირესობები, დისკრიმინირებულია და პოლიტიკური კონკურენტები გამოცხადებული არიან მტრებად. ზოგადად, ირწმუნებიან, რომ უკმაყოფილება საზღვარგარეთიდან ბნელი ძალების მიერ კონტროლდება. ჩვენ უკვე გამოვიარეთ ეს ყველაფერი სხვა ქვეყნებში. საქართველოში ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას სურს თავისუფლება, დემოკრატია და თვითგამორკვევა. „უცხოური აგენტების შესახებ კანონი“ არსებითად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ჩართულობას, თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია“, – განაცხადა როთმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგადად, საქართველოს პოლიტიკური მიმართულება არასწორია.

„როდესაც გასული წლის დეკემბერში საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკომისიამ წამოაყენა თორმეტი პირობა. აქედან ჯერ არცერთი შესრულებულა. პირიქით, რეალურად არის კონკრეტული ნაბიჯები უკან. ეს პრეზიდენტმა შეხვედრაზე დაგვადასტურა“, – განაცხადა გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მიხაელ როთმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება.

„ეს არჩევნები გადამწყვეტი იქნება. პოლარიზაცია, რომელიც ახლა მიზანმიმართულად ხდება, მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების დისკრიმინაციასა და ტყუილით დისკრედიტაციას ემსახურება. მიუხედავად მასშტაბური საპროტესტო აქციებისა, შეუძლებელი არ მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ მოიგოს არჩევნები ოქტომბერში და გააგრძელოს მთავრობის ფორმირება. სამწუხაროდ, ოპოზიცია ძალიან დაყოფილია და ცუდ მდგომარეობაშია“, – განაცხადა როთმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ოპოზიციის მხარდაჭერის შესაძლებლობას ან ეს მეტი ზიანის მომტანი ხომ არ იქნება და გააძლიერებს მთავრობის ნარატივს, რომ ოპოზიცია საზღვარგარეთიდან კონტროლდება, როთი პასუხობს: „ერთადერთი ენა, რომელიც ავტორიტარიზმის მეგობრებს ესმით, სიცხადეა. რასაკვირველია, ისინი ისარგებლებენ ყველა შესაძლებლობით, რომ ეჭვქვეშ დააყენონ ევროპის ერთიანობა და ოპოზიცია. მაგრამ ამან არ უნდა შეგვაკავოს, პირიქით. ახლა თავშეკავებას თუ გამოვიჩენთ, ნებისმიერ შემთხვევაში ავტორიტარები გაიმარჯვებენ.“

მისივე თქმით, ევროპელ პარლამენტარებთან ერთად მისი თბილისში ვიზიტი არ იყო მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვა დემონსტრანტების მიმართ, ის ასევე, მოიცავდა მთავრობასა და პარლამენტში პასუხისმგებელ პირებთან საუბარს.

„პარლამენტში მუშაობის 26-წლიან პერიოდში არასდროს მქონია გამოცდილება, როდესაც მთავრობა სრულად უარს ამბობს მოლაპარაკებაზე. პარლამენტში ჩვენი დელეგაციის შეშვების ნაცვლად, ჩვენ მმართველი პარტიის კომიტეტის თავმჯდომარეს „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში შევხვდით დისკუსიაზე. მან მაშინ განგვიმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ოპოზიციის წარმომადგენელი და მისი მიზანია მთავრობის დამხობა“, – განაცხადა როთმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან ყველაზე ცუდი შეცდომა იქნება, თუ კანონში დეტალური შესწორებების შესახებ მოლაპარაკების წარმოებას დაიწყებს საქართველოს მთავრობასთან.

„პოზიცია უნდა იყოს მკაფიო: ეს კანონი არ შეიძლება, გამოყენებული იყოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. ასევე, არ მიმაჩნია სწორად მოსახლეობის დასჯა მთავრობის კურსის გამო. ჩემი აზრით, ზოგიერთის მოსაზრება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ სერიოზული შეცდომა იქნება. ფასის გადახდა ქართველ ახალგაზრდებს მოუწევთ. ჩვენ უნდა მივცეთ მათ იმედი, რომ ევროპის კარი ღია რჩება, თუ საქართველოს მთავრობა დაასრულებს საქანელა პოლიტიკას ევროკავშირსა და რუსეთს შორის“, – განაცხადა მიხაელ როთმა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" თარგმანი