ჩინეთს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს ევროკავშირის გახლეჩა სურთ, რადგან ევროპა გაცილებით ძლიერია, როდესაც ერთად დგას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

„მათ არ მოსწონთ ევროკავშირი, ეს აბსოლუტურად ნათელია. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რატომ არ მოსწონთ მათ ევროკავშირი. ფაქტია, რომ თუ ჩვენ ერთად დავდგებით, თუ ერთად ვიმოქმედებთ, მაშინ თანასწორები ვიქნებით, ძლიერები ვიქნებით“, – აღნიშნა კალასმა.

„პოლიტიკოს“ ცნობით, კალასმა ასევე აღნიშნა, რომ რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ მოსწონს გაერთიანებული ევროკავშირი, რადგან ბლოკი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძალაა, რომელიც ვაშინგტონს კონკურენციას უწევს.

მისივე თქმით, თეთრი სახლის ლიდერის ბოლოდროინდელი განცხადებები „დაყავი და იბატონე“ სტრატეგიის ნაწილია.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ცდილობს, შეინარჩუნოს საკუთარი კომუნიკაციის არხები აშშ-თან ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ. მან აღნიშნა, რომ ეს შემაშფოთებელია, რადგან „ევროკავშირის გახლეჩა რეალურად მუშაობს“.

კალასმა მოუწოდა ევროკავშირის ყველა ქვეყანას, დაიცვან ბლოკი და მოლაპარაკება გამართონ არა ინდივიდუალურად, არამედ ევროპული ინსტიტუტების მეშვეობით, როდესაც საქმე ეხება აშშ-ს, ჩინეთს ან რუსეთს.