ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისა და მის მიმართ მოთხოვნების საკითხს განიხილავს.

კალასმა 11 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ 27–28 მაისს კვიპროსზე დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე (ე.წ. Gymnich ფორმატი) ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ იმაზე, თუ რა პირობებითა და რა საკითხებზე შეიძლება გაიმართოს მოლაპარაკებები რუსეთთან.

"რუსეთთან უნდა შევთანხმდეთ, რაზე გვინდა საუბარი და სწორედ ამიტომ მზადდება წინადადებები, რომლებიც უკვე წარდგენილია განხილვისთვის", - განაცხადა კალასმა.

მისივე თქმით, ევროპული უსაფრთხოების მთავარი საკითხია რუსეთის მხრიდან მეზობლების მუდმივი სამხედრო აგრესიის შეჩერება და ამისთვის რუსეთის მხრიდანაც საჭიროა დათმობები.

მან მაგალითად მოიყვანა მოლდოვა და აღნიშნა, რომ იქ რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ განლაგებულია, რაც შესაძლოა რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების პირობად მათი გაყვანის საკითხსაც აყენებდეს.

მისი თქმით, კვლავ არსებობს მრავალი საკითხი, რომლებიც ეხება იმას, "რა მოთხოვნები უნდა წაუყენოს ევროკავშირმა რუსეთს, რათა ევროპა იყოს სტაბილური და მშვიდობიანი".

ამასთან, კაია კალასი უარყოფს გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შროდერის შესაძლო დანიშვნას ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან მომლაპარაკებლად.