დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, პარლამენტის წევრი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, მინისტრის მოადგილეები ვახუშტი ბაგრატიონი და ბათუ გლურჯიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ადგილზე განიხილეს მშენებლობის მიმდინარეობა და არსებული გამოწვევები. ძველ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები შეწყდა, ხოლო ახალმა კონტრაქტორმა სამუშაოები უკვე აქტიურად დაიწყო.
მინისტრმა კონტრაქტორ და საზედამხედველო კომპანიებს სამუშაოების დადგენილ ვადებში, მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვით შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში უკვე აშენებულია 3 ახალი ხიდი, ხოლო ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს დამატებით ერთ ხიდსა და 368-მეტრიან გვირაბზე.
პროექტის ფარგლებში, ახალი გზის გაჭრით გამოწვეული გავლენის შემცირების მიზნით, ბუნებრივი საფარის თვითაღდგენის პროცესის დასაჩქარებლად, პროექტის დასრულებამდე დაიწყება მწვანე საფარის აღდგენის სამუშაოებიც.
აბასთუმნის შემოვლითი გზა, საერთო ჯამში, 16 კილომეტრი იქნება და ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის გაგრძელებას წარმოადგენს.
ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კურორტის ეკოლოგიურ მდგომარეობას და ხელს შეუწყობს აბასთუმნის უნიკალური გარემოს შენარჩუნებას. ამასთან, ის უზრუნველყოფს ორ რეგიონს შორის უფრო უსაფრთხო და კომფორტულ სატრანსპორტო კავშირს.








