აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც ბუში სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს, ამ არჩევნებში ძლიერი აქტივობა დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის ნიშანია.
„ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას, ისევე როგორც არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს ჯეიმს დევიდ ვენსს და მათ ოჯახებს. ასევე, მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. ამ არჩევნებში ძლიერი აქტივობა ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის ნიშანია. მე და ლორა მადლობელი ვართ საარჩევნო მოხელეებისა და მოხალისეების, რომლებიც უზრუნველყოფდნენ თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო არჩევნებს. ვუერთდებით ჩვენს თანამოქალაქეებს, ვლოცულობთ ჩვენი ახალი ლიდერების წარმატებისთვის ხელისუფლების ყველა დონეზე“, – წერს ჯორჯ ბუში.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.