"ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ის არ გაიმარჯვებს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოს მორიგი არჩევანი აქვს გასაკეთებელი.

"მსოფლიოს ახლა კიდევ ერთი არჩევანი აქვს გასაკეთებელი - შევინარჩუნებთ თუ არა ჩვენს მხარდაჭერას, რათა უკრაინას გამარჯვებასა და თავისუფლების შენარჩუნებაში დავეხმაროთ, თუ მივატოვოთ და აგრესიას მოძლიერების და სახელმწიფოს განადგურების საშუალება მივცეთ. მე ჩემი პასუხი ვიცი: არ შეგვიძლია დაღლა, არ შეგვიძლია თვალის არიდება და ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ის არ გაიმარჯვებს და სამართლიან და მტკიცე მშვიდობას არ მოიპოვებს გაეროს ქარტიაში!", - თქვა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკა მშვიდობასა და სტაბილურობაზე ახლო აღმოსავლეთში. კიდევ ერთხელ დაგმო "ჰამასის" თავდასხმა ისრაელზე და თქვა ისიც, რომ “ღაზას უდანაშაულო მოქალაქეებსაც ჯოჯოხეთის გადატანა უწევთ”.

ბაიდენის თქმით, ამ კონფლიქტის "დიპლომატიური მოგვარება ერთადერთი გზაა". "ახლა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და მძევლების შინ დაბრუნების დროა”, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინს მისი დასუსტება სურდა, მაგრამ ახლა ნატო უფრო ძლიერია - შეემატა ორი ახალი წევრი: ფინეთი და შვედეთი.

ბაიდენი თავის სიტყვაში მოკლედ შეეხო ირანის თემას და თქვა, რომ თეირანი რეგიონში თავის მოკავშირეებს უწევს მხარდაჭერას და “მსოფლიომ უნდა უზრუნველყოს, რომ ირანს არასოდეს, არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.”

აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, მსოფლიომ ერთად უნდა შეიმუშაოს ნორმები, რათა გადაილახოს “ხელოვნურ ინტელექტთან” დაკავშირებული გამოწვევები. ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ არაფერია შეუძლებელი, თუ სახელმწიფოები ერთად იმუშავებენ.

თავისი გამოსვლის ბოლოს, ბაიდენმა დამსწრეები დალოცა და ისურვა, რომ “ღმერთმა უშველოს მათ, ვინც მშვიდობას ესწრაფვიან”.