ანექსირებულ ყირიმში ივლისის ბოლოს განვითარებული მოვლენების გაშუქებამ რუსულ საინფორმაციო სივრცეში დაძაბულობა და გაღიზიანება გამოიწვია. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW) წერს უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერ ე.წ. სამხედრო ბლოგერებს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებაზე დაკვირვების შედეგად.

რუსულ საინფორმაციო სივრცეში ცნობილმა ერთ-ერთმა ასეთმა ბლოგერმა, 2 აგვისტოს, „იმბეცილები“ და „პროვოკაციული მასალების“ მხარდამჭერები უწოდა კრემლის მომხრე ორ სხვა ბლოგერს, რომლებმაც თავდაცვის სამინისტრო გააკრიტიკეს და თავის საიტებზე გამოაქვეყნეს ანექსირებულ სევასტოპოლთან და ჩონგარის ხიდზე უკრაინელების შეტევის ამსახველი ფოტოები. ეს ბლოგერები უკრაინული ტელეგრამ-არხებით გავრცელებული მასალების გამოყენებაში დაადანაშაულეს. ზოგიერთი წყაროს თანახმად, მსგავსი „უპასუხისმგებლო ქმედება“ ხელს უწყობს პანიკის დათესვას.

ISW ხაზს უსვამს, რომ 29 ივლისს, როცა ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ იერიში მიიტანა ჩონგარის ხიდზე, რუსი სამხედრო ბლოგერების უმრავლესობა საერთოდ დუმდა, რადგან, სავარაუდოდ, მსგავსი მითითება კრემლისგან მიიღეს.

"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ცნობით, რუსეთის ხელისუფლებისა და ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნახევარკუნძულზე უკრაინის დარტყმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა, რადგან შიშობენ, რომ ეს ცნობები მოსახლეობაში პანიკას გამოიწვევს და საეჭვოს გახდის რუსეთის უნარს, ეფექტიანად უზრუნველყოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უსაფრთხოება.