იაპონიაში მომუშავე მეცნიერებმა დაზიანებული თვალის რქოვანას მქონე რამდენიმე ადამიანს ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს, რამაც 3 მათგანს დაბინდული მხედველობა აღუდგინა. ეს პირველი ასეთი წარმატებული პრეცედენტია. ახალი ნაშრომი გამოცემაში The Lancet გამოქვეყნდა.

ოპერაციიდან 2 წელში რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი არ დაფიქსირებულა. სამივე პაციენტის რქოვანა ახლა ადრინდელზე ბევრად უკეთ გამოიყურება და ფუნქციონირებს. კვლევაში მონაწილეობა სულ 4-მა ადამიანმა მიიღო, რომელთაც თვალის ლიმბალური ღეროვანი უჯრედების დანაკლისი აღენიშნებოდათ.

მეცნიერებმა ჯანმრთელი ადამიანების სისხლისგან მიღებული ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს. ისინი შემდეგ ლაბორატორიაში რქოვანას ეპითელური ქსოვილებით დაფარეს და პაციენტების დაზიანებული რქოვანას ზემოდან მოათავსეს. მას კონტაქტური ლინზა იცავდა.

დაახლოებით 7 თვეში ყველა პაციენტს მხედველობა გაუუმჯობესდა, მაგრამ ერთ წელში მეოთხე მათგანის, 39 წლის ქალის, მდგომარეობა ისევ გაუარესდა. მას ყველაზე მწვავე დაზიანება ჰქონდა. საუკეთესო შედეგი 1-ელმა და მე-2 ინდივიდმა მიიღო, 44 წლის ქალმა და 66 წლის კაცმა. მე-3 პაციენტსაც გაუმჯობესება დაეტყო, მაგრამ არა მათნაირი. ამის მიზეზად სხეულის იმუნურ რეაქციას ასახელებენ.

მეცნიერები ამბობენ, რომ მათი ცდის შედეგები იმედის მომცემია, მაგრამ უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში დასარწმუნებლად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.