აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის ფარმაციის მიმართულების სტუდენტებს უმასპინძლა.
სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია არქეოლოგიური კვლევების განვითარების ისტორიის, თანამედროვე მეთოდოლოგიისა და მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არქეოლოგიასა და მედიცინას შორის არსებულ კავშირს - კერძოდ, იმ საკითხს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არქეოლოგიური მასალა ანთროპოგენეზის, სხვადასხვა დაავადებისა და ინფექციის ევოლუციის შესწავლისათვის.
სტუდენტები დეტალურად გაეცნენ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე მოქმედ ლაბორატორიას, მის სამუშაო სპეციფიკასა და იმ თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენება აღმოჩენილი მასალის პირველადი დამუშავებისა და კვლევის პროცესში.
ლექციას სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი სულხან მამულაძე უძღვებოდა.










