ადამიანები, რომელთა დიეტა უფრო მეტად ჰგავს MIND დიეტას, შეიძლება, კოგნიტიური დაქვეითების ნაკლები რისკი ჰქონდეთ, ნათქვამია კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის 18 სექტემბერს, Neurology® - ამერიკული ნევროლოგიის აკადემიის სამედიცინო ჟურნალში. შედეგები მსგავსი იყო შავკანიანი და თეთრკანიანი მონაწილეებისთვის. ეს შედეგები არ ადასტურებს, რომ MIND დიეტა ხელს უშლის კოგნიტიურ დაქვეითებას, ისინი მხოლოდ ასოციაციას აჩვენებენ.
MIND დიეტა არის ხმელთაშუა ზღვის და DASH დიეტის კომბინაცია. იგი მოიცავს მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს, როგორიცაა ისპანახი, კომბოსტო და მწვანილი სხვა ბოსტნეულთან ერთად. რეკომენდებულია მთელი მარცვლეული, ზეითუნის ზეთი, ფრინველი, თევზი, ლობიო და თხილი. იგი პრიორიტეტს ანიჭებს კენკრას და რეკომენდაციას უწევს თევზის ერთ ან მეტ ულუფას კვირაში.
"როდესაც დემენციით დაავადებულთა რიცხვი იზრდება დაბერებულ პოპულაციასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ცვლილებები, რომლებიც შეგვიძლია, შევაჩეროთ ან შევანელოთ", - თქვა კვლევის ავტორმა რასელ პ. სოიერმა. "ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებდა იმის გაგება, გავლენას ახდენს თუ არა დიეტა კოგნიტიური დაქვეითების რისკზე კვლევის შავკანიან და თეთრკანიან მონაწილეებში".
კვლევაში მონაწილეობდა 14145 ადამიანი, რომელთა საშუალო ასაკი 64 წელი იყო. მონაწილეთა 70% იყო თეთრკანიანი, ხოლო 30% შავკანიანი. მათ თვალყურს ადევნებდნენ საშუალოდ 10 წლის განმავლობაში.
მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი მათი კვების შესახებ გასული წლის განმავლობაში. მკვლევრები აკვირდებოდნენ, რამდენად ემთხვეოდა ადამიანების მიერ მიღებული საკვები MIND დიეტას.
აზროვნების და მეხსიერების უნარები შეფასდა კვლევის დასაწყისში და ბოლოს.
კვლევის დროს კოგნიტიური უნარების დაქვეითება განუვითარდა 532 ადამიანს, ანუ 4456 ადამიანის 12%-ს დაბალი დიეტის მქონე ჯგუფში; 617 ადამიანს, ანუ საშუალო ჯგუფის 5602 ადამიანის 11%-ს; ხოლო 402 ადამიანში, ანუ მაღალი ჯგუფის 4086 ადამიანის 10%-ს.
ისეთი ფაქტორების კორექტირების შემდეგ, როგორიცაა ასაკი, მაღალი წნევა და დიაბეტი, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მაღალი ჯგუფის ადამიანებს ჰქონდათ 4%-ით შემცირებული კოგნიტიური უნარების დაქვეითების რისკი დაბალი ჯგუფის წევრებთან შედარებით.
მამრობითი და მდედრობითი სქესის მონაწილეების დათვალიერებისას, მკვლევრებმა აღმოაჩინეს 6%-ით შემცირებული კოგნიტიური უნარების დაქვეითების რისკი მდედრობითი სქესის მონაწილეებში, რომლებიც ყველაზე მეტად იცავდნენ დიეტას, მაგრამ რისკი არ შემცირებულა მამაკაცებში.
მკვლევრებმა ასევე გამოიკვლიეს, თუ რამდენად სწრაფად იკლებს ადამიანების სააზროვნო უნარები, როდესაც მათ პრობლემები განუვითარდათ. მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც უფრო ყურადღებით იცავდნენ MIND დიეტას, უფრო ნელა კლებულობდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ამას არ აკეთებდნენ, და ეს ასოციაცია უფრო ძლიერი იყო შავკანიან მონაწილეებში, ვიდრე თეთრკანიან მონაწილეებში.
"ეს დასკვნები საჭიროებს შემდგომ შესწავლას, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ქალებში და შავკანიან ადამიანებში ამ განსხვავებული ზემოქმედების შესასწავლად, მაგრამ საინტერესოა იმის გათვალისწინება, რომ ადამიანებს შეუძლიათ, გარკვეული მარტივი ცვლილებები შეიტანონ დიეტაში და პოტენციურად შეამცირონ, ან შეანელონ კოგნიტიური უნარების პრობლემების რისკი", - თქვა სოიერმა.
კვლევის შეზღუდვა იყო ის, რომ ის მოიცავდა მხოლოდ ხანდაზმულ შავკანიან და თეთრკანიან ადამიანებს, ამიტომ შედეგები შეიძლება არ იყოს იგივე სხვა პოპულაციებისთვის.