ახალი კვლევის თანახმად, ზოგიერთ ძაღლს ძველი სათამაშოების სახელები მაშინაც კი ახსოვს, თუ ბოლოს ის 2 წლის წინ ნახა. ეს ნიშნავს, რომ ამ ინფორმაციას მათი ტვინი ხანგრძლივ მეხსიერებაში ინახავს. გამოცემა Biology Letters-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში ავტორები 5 ძაღლზე გვიყვებიან. მათ 12 სათამაშოს სახელი ასწავლეს, რომლებთანაც შემდეგ, 2 წლის განმავლობაში, შეხება აღარ ჰქონიათ.
ახალი დაკვირვებებისთვის პატრონებმა ოთხფეხა მეგობრებს ეს სათამაშოები ისევ დაუბრუნეს: სამ მათგანს 12-ვე, ერთს 11, ერთს კი — 5. ძაღლებს ამ ობიექტების დათვალიერების საშუალება მისცეს, ხოლო შემდეგ თითოეულმა პატრონმა 5-6 სათამაშო ცხოველის სხვა 9 სათამაშოსთან ერთად დადო. თავად მეორე ოთახში გავიდნენ და ძაღლებს თითო ჯერზე თითო ძველი ნივთის მოტანას სთხოვდნენ (მათ მხოლოდ მაშინ ანაცვლებდნენ, როცა 3 ძველი სათამაშო რჩებოდა). ამ პროცესს სპეციალისტები ონლაინ ადევნებდნენ თვალს.
თითოეული ძაღლის მონაწილეობით ექსპერიმენტი ორჯერ განხორციელდა. სწორი სათამაშოს არჩევის მაჩვენებელი საშუალოდ 44% იყო, თუმცა ზოგმა 60%-იანი შედეგიც აჩვენა, რაც შემთხვევითობით ვერ აიხსნება. საერთო ჯამში, 4 ძაღლს 3-დან 9-მდე ძველი სათამაშოს სახელი ახსოვდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ამგვარი მახსოვრობა ყველა ძაღლს არ აქვს, რისი მიზეზიც უცნობია. შესაძლოა, ერთ-ერთი ფაქტორი ის დრო იყოს, რომელსაც მათთან კომუნიკაციას პატრონები უთმობენ.