ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის სხეული ყოველთვის ერთნაირი ტემპით არ ბერდება, არამედ ეს პროცესი დაახლოებით 44 და 60 წლის ასაკში საგრძნობლად ჩქარდება. ნაშრომი გამოცემაში Nature Aging გამოქვეყნდა.
მეცნიერები ამის დასადგენად ადამიანის სხეულში არსებულ 11 000-ზე მეტ მოლეკულას დროთა განმავლობაში აკვირდებოდნენ. შედეგად გაირკვა, რომ მათი 81 პროცენტი 44 და 60 წლის ასაკში განსაკუთრებულ ცვლილებას განიცდის. სპეციალისტთა ეს კვლევა ბიოლოგიურ ასაკს ეხება, რომელიც ცილების, მეტაბოლიტებისა და გენების ცვლილებას მოიაზრებს. ეს განსხვავდება ქრონოლოგიური ასაკისგან, რომელსაც ყოველ წელს აღვნიშნავთ.
კვლევის ფარგლებში ავტორები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და 25-დან 75 წლამდე ასაკის 108 ადამიანს რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველ 3-6 თვეში ერთხელ სისხლის ნიმუშებს უღებდნენ. მიზანი ამა თუ იმ ფაქტორის ცვლილების გაანალიზება იყო, როგორიცაა გენური აქტიურობა, სისხლში შაქრის შემცველობა და სხვა. აღმოჩნდა, რომ მკვეთრი ცვლილებები სწორედ 44 და 60 წლის ასაკში ფიქსირდებოდა.
მაგალითად, ათეროსკლეროზთან დაკავშირებული ცილის კონცენტრაცია იმატებდა, კოფეინისა და ალკოჰოლის გადამუშავების უნარი კი უარესდებოდა. ასევე, მავნე ქოლესტერინთან "მებრძოლი" უჯერი ცხიმმჟავების წარმოქმნის პროცესი ფერხდებოდა, სისხლში შაქრის შემცველობა იზრდებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ ხდება ასე მაინცდამაინც ამ ორ ასაკში. შესაძლოა, გარკვეულ როლს ცხოვრების სტილი ასრულებდეს, მაგალითად დიეტა, ვარჯიში და ა.შ. ვარაუდობენ, რომ ეს კავშირშია ანთებით პროცესებთანაც. 44 წლის ასაკში დაბერების აჩქარება ქალებში პერიმენოპაუზის პერიოდსაც ემთხვევა, თუმცა ჰორმონალური ცვლილებები სწრაფი დაბერების მაპროვოცირებელი არაა, თანაც ეს კაცებშიც იმავენაირად ფიქსირდება.