ისრაელის თავდაცვის ძალებმა კონტროლი აიღეს ფილადელფიის დერეფანზე – ეს არის 14 კილომეტრიანი ბუფერული ზონა ღაზას სექტორსა და ეგვიპტეს შორის. ამის შესახებ ისრაელის მედია იტყობინება სამხედრო განცხადებაზე დაყრდნობით.
მათივე თქმით, სამხედრო მოსამსახურეები მთელ დერეფანში არიან განლაგებული, გარდა მცირე მონაკვეთისა სანაპირო ზონაში.
ბუფერულ ზონაში ისრაელის ჯარისკაცებმა იპოვეს 20 გვირაბი ღაზასა და ეგვიპტეს შორის და 80-ზე მეტი გვირაბის შახტი, რომელსაც იყენებდნენ "ჰამასის" მებრძოლები. სამხედროები ამტკიცებენ, რომ ეგვიპტიდან ღაზასკენ მიმავალი გვირაბები ჯიჰადისტებს იარაღით ამარაგებდა.
ისრაელი აკონტროლებდა ფილადელფიის დერეფანს ოსლოს შეთანხმების შემდეგ – 1995 წლიდან ღაზას სექტორიდან 2005 წელს ისრაელის ჯარების სრულ გაყვანამდე. შემდეგ ისრაელის არმიამ საზღვრის კონტროლი ეგვიპტეს გადასცა, ხოლო პალესტინის მხრიდან პალესტინის ხელისუფლებას.
პალესტინის ხელისუფლება აკონტროლებდა საზღვარს 2007 წელს "ჰამასის" ხელისუფლებაში მოსვლამდე.
იმის შესახებ, რომ ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ფილადელფიის დერეფანზე კონტროლის აღებას აპირებს, წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მაშინ განაცხადა, რომ ისრაელი ვერ შეძლებს "ჰამასთან" ომის დასრულებას, თუ ის არ გააკონტროლებს ღაზას სექტორის საზღვარს ეგვიპტესთან. Wall Street Journal-ი წერდა, რომ გადაწყვეტილება დიდწილად დამოკიდებულია ისრაელის მხარესა და კაიროს შორის მოლაპარაკებებზე.
ფილადელფიის დერეფანი გადის ქალაქ რაფაში, სამხრეთ ღაზაში. ცნობები, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები ქალაქის ცენტრში შევიდნენ, სამშაბათს, 28 მაისს გავრცელდა. რაფას მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ღამით სამხედროებმა "აწარმოეს საჰაერო თავდასხმები და დაბომბეს ქალაქი".
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს, როდესაც ისრაელის არმიამ დაარტყა რაფას 27 მაისის ღამეს, სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაშავდა.