ისრაელი ღაზის სექტორის ჩრდილოეთში დასახლებებს შესაფერის დროს შექმნის, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. იუწყება The Times of Israel.
ისრაელ კაცმა ამის შესახებ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ბეით ელის დასახლებაში, 1 200 ახალი ებრაული სახლის დაარსებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე ისაუბრა.
"ღვთის დახმარებით, როდესაც დრო დადგება, ჩვენ ასევე შევქმნით პიონერულ ჯგუფებს ჩრდილოეთ ღაზაში, ევაკუირებული დასახლებების ადგილას. ჩვენ პრაქტიკული სუვერენიტეტის პერიოდში ვართ. აქ არის შესაძლებლობები, რომლებიც დიდი ხანია, არ არსებობდა. ჩვენ ღაზის სიღრმეში ვართ და არასდროს დავტოვებთ ღაზას. ასეთი რამ არ მოხდება. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ის, რაც მოხდა", – განაცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.







