მორალის პოლიციის თანამშრომლებმა თეირანის მეტროში დაკავებისას სცემეს სცემეს 16 წლის არმიტა გარავანი "ჰიჯაბის შეუსაბამოდ ტარებისთვის",– იუწყება უფლებადამცველი ორგანიზაცია Hengsaw .
სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზედაც ჩანს, როგორ გადმოჰყავთ გონებადაკარგული გოგონა ვაგონიდან, თუმცა არ ჩანს თავად ფიზიკური ძალადობა.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ გოგონამ გონება დაბალი წნევის გამო დაკარგა. თავად ცემის ფაქტს უარყოფენ.
უფლებადამცველების ინფორმაციით, ამჟამად გოგონა ირანის საჰაერო ძალების ფაჯრის ჰოსპიტალში იმყოფება. ის კომატოზურ მდგომარეობაშია. არმიტის ნახვის უფლებას არ აძლევენ არც ახლობლებს და არც ჟურნალისტებს. Hengsaw წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გოგონას დედა დააკავეს. მალე სახელმწიფო მედიამ მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ქალი ამბობს, რომ მისმა შვილმა გონება დაკარგა. უფლებადამცველების თქმით, ინტერვიუ უსაფრთხოების ძალების ზეწოლის შედეგად ჩაიწერა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 სექტემბერს 22 წლის მაჰსა ამინი ირანში მორალის პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. უფლებადამცველების ინფორმაციით, ქალი პოლიციელებმა სცემეს. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ქვეყანაში მასობრივი პროტესტი მოჰყვა.