ტერორიზმთან ბრძოლა მოითხოვს მდგრად და კოორდინირებულ გლობალურ მოქმედებას, რადგან ტერორი მშვიდობას ყველგან ემუქრება, – ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ინდოეთი მხარს უჭერს ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს ხანგრძლივ მშვიდობას და რეგიონულ სტაბილურობას.

„ჩვენ ვართ დემოკრატიები, რომლებიც ორიენტირებული არიან მომავალზე. ჩვენი პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო გამოცდილებასა და საერთო მისწრაფებებზე. ჩვენი ძლიერი პარტნიორობა არა მხოლოდ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს, არამედ ხელს უწყობს გლობალურ სტაბილურობასა და კეთილდღეობას“, – განაცხადა მოდიმ.

ისრაელთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას მოდიმ აღნიშნა, რომ ინდოეთი მალე მსოფლიოს სამ წამყვან ეკონომიკას შორის იქნება.

„ჩვენ ვალდებული ვართ, გავაფართოოთ ვაჭრობა, გავაძლიეროთ ინვესტიციების ზრდა და ხელი შევუწყოთ ერთობლივი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ორი ქვეყანა ძალიან აქტიურად მუშაობს თავისუფალი ვაჭრობის ამბიციური შეთანხმების მოსალაპარაკებლად. ეს გაათავისუფლებს ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებში არსებულ უზარმაზარ, გამოუყენებელ პოტენციალს“, – განაცხადა მოდიმ.

ქნესეთის სპიკერმა, ამირ ოჰანამ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი „ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის წინაშე შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“ მედლით დააჯილდოვა.

თარგმანი: პირველი არხი