აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს, რომ ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთან სატელეფონო საუბარი გამართა, რის ფარგლებშიც ლიდერებმა რუსეთ-უკრაინის ომი და სავაჭრო საკითხები განიხილეს.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო დღეს დილით ინდოეთის პრემიერმინისტრ მოდისთან საუბარი. ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და თავისი ქვეყნის ძლიერი და პატივცემული ლიდერია. ჩვენ მრავალ საკითხზე ვილაპარაკეთ, მათ შორის, ვაჭრობასა და რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებაზე." - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ამასთანავე, მისი თქმით, ნარენდრა მოდისთან საუბრის დროს ინდოეთის პრემიერი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის შეჩერებას დათანხმდა.
"ის დათანხმდა რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერებასა და აშშ-სგან, პოტენციურად, ვენესუელისგან ბევრად მეტის შესყიდვას. ეს უკრაინაში ომის დამთავრებას შეუწყობს ხელს, რომელიც ახლაც გრძელდება, ყოველ კვირაში ათასობით დახოცილი ადამიანით!" - განაცხადა მან.
ამას გარდა, ტრამპი წერს, რომ ინდოეთის პრემიერთან სავაჭრო შეთანხმებასაც მიაღწია, რომელიც "ძალაში დაუყოვნებლივ შევა".
"პრემიერმინისტრი მოდის მიმართ პატივისცემისა და მეგობრობიდან გამომდინარე, მისი თხოვნით, ჩვენ მივაღწიეთ აშშ-სა და ინდოეთს შორის სავაჭრო შეთანხმებას, რის ფარგლებშიც აშშ შემცირებულ საპასუხო ტარიფებს დააწესებს, 25%-დან 18%-მდე შემცირებით. ისინი კი ასევე დაიწყებენ აშშ-ს წინააღმდეგ სატარიფო და არასატარიფო ბარიერების ნულამდე დაწევას". - განმარტა აშშ-ს პრეზიდენტმა.








