ევროკავშირმა და ინდოეთმა თითქმის 20-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ისტორიულ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს.
ევროკავშირის დელეგაცია, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ნიუ-დელიში ჩავიდა და ორმხრივი სამიტის ფარგლებში ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდა.
"ევროპა და ინდოეთი დღეს ისტორიას ქმნიან. ჩვენ შევქმენით თავისუფალი ვაჭრობის ზონა ორი მილიარდი ადამიანისთვის, რომლითაც ორივე მხარე ისარგებლებს. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობას". - წერს ფონ დერ ლაიენი X-ზე.
შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის საშუალებას მისცემს 27 ევროპული ქვეყნისგან შემდგარ ბლოკსა და მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანას, რომლებიც ერთად გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 25%-ს შეადგენენ.
ამასთან, შეთანხმება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეამცირებს ტარიფებს და გააფართოებს ბაზარზე წვდომას ორივე მხარისთვის.
ევროკომისიის განცხადებით, შეთანხმება გააუქმებს ტარიფებს ქიმიკატების, დანადგარებისა და ელექტრომოწყობილობების ექსპორტის უმეტეს ნაწილზე, ასევე ეტაპობრივი შემცირების შემდეგ თვითმფრინავებსა და კოსმოსურ ხომალდებზე. ამავდროულად, გადასახადები 110%-დან 10%-მდე შემცირდება 250 000 ავტომობილზე.
შეთანხმება ითვალისწინებს ფასის დაწევას ინდოეთში შესულ ევროპულ პროდუქტებზე, მათ შორის, მანქანებზე, დანადგარებსა და სასოფლო-სამეურნეო საკვებ პროდუქტებზე.
"ეს ისტორიული შეთანხმებაა, რომელიც ინდოეთის ფერმერებსა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ევროპულ ბაზრებზე წვდომას გაუმარტივებს. შეთანხმება ხელს შეუწყობს წარმოებისა და მომსახურების სექტორებს, ასევე ინოვაციურ პარტნიორობას". - თქვა ინდოეთის პრემიერმა, ნარენდრა მოდიმ.
მედიის ცნობით, შეთანხმების ამოქმედებას, სავარაუდოდ, ერთი წელი დასჭირდება.




