რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული თავდაცვითი პაქტი აჩვენებს ავტორიტარული სახელმწიფოების მზარდ დაახლოებას და დემოკრატიების მნიშვნელობას, რომლებიც წარმოადგენენ ერთიან ფრონტს, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კანადაში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.

სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის ფედერაციას „უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალა“ მიაწოდა, ხოლო ჩინეთი და ირანი მხარს უჭერენ მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ავტორიტარული ძალები სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და მხარს უჭერენ ერთმანეთს ისე, როგორც აქამდე არ გვინახავს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა განმარტა, რუსეთის ფედერაციასა და აზიის სხვა ქვეყნებს შორის მზარდი დაახლოება ნიშნავს, რომ NATO -სთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ რეგიონში მოკავშირეებთან თანამშრომლობა.

„რაც უფრო და უფრო ერთიანდებიან ავტორიტარული რეჟიმები, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ირანი, რუსეთი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანები, როგორც ქვეყნები, რომლებსაც სჯერათ თავისუფლებისა და დემოკრატიის. ასე რომ, ნატო ამ თვალსაზრისით ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადრე“, – დასძინა სტოლტენბერგმა.