საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch–ის (HRW) შეფასებით, 2024 წელს საქართველოს მთავრობამ ქვეყანა ადამიანის უფლებათა კრიზისამდე მიიყვანა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ახალი რეპრესიული კანონები, დაშორდა ევროკავშირს და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა სასტიკი, ძალადობრივი დარბევის მეთოდები.

"სამართალდამცავებმა უპასუხეს 2024 წლის ევროკავშირის პროტესტს ძალადობრივი ძალით, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიების და სხვადასხვა სახის ფიზიკური ძალადობის გამოყენებით. სპეცრაზმი და ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა არაფორმალურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა სცემეს ოპოზიციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები და დაუსჯელად ერეოდნენ მათ მუშაობაში.

აპრილის ბოლოდან ივნისის ჩათვლით, უცნობმა თავდამსხმელებმა განახორციელეს ძალადობრივი თავდასხმები ათზე მეტ აქტივისტზე, რის შედეგადაც ხშირ შემთხვევაში, დაზიანებები საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. თავდასხმების უმეტესობა განხორციელდა თავდამსხმელთა მცირე ჯგუფების მიერ საჯარო ადგილებში მოწმეებითა და CCTV კამერებით. თუმცა პოლიციას არცერთი ეჭვმიტანილი არ გამოუვლენია ან დაუკავებია", – აღნიშნულია დოკუმენტში.

ორგანიზაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ "უცხოური აგენტის" ტიპის კანონსა და "ანტი ლგბტ" კანონზე.

„ოჯახური ღირებულებების და ბავშვების დაცვის“ საფარქვეშ მიიღეს დისკრიმინაციული "ანტი ლგბტ" კანონი, რომელიც აწესებს შეზღუდვებს განათლების, ჯანმრთელობის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებზე", – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია საპარლამენტო არჩევნებზეც და აღნიშნულია, რომ "ოპოზიცია, პრეზიდენტი ზურაბიშვილი და დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ჯგუფები აცხადებენ, რომ მოხდა გაყალბება, დაშინება და ხმების მოსყიდვა".

ბავშვთა უფლებებზე საუბრისას HRW მიუთითებს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის შეფასებაზე:

„გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა ხაზი გაუსვა გადაუდებელი ზომების აუცილებლობას რამდენიმე ძირითად სფეროში, მათ შორისაა ძალადობა, უგულებელყოფა, სექსუალური ძალადობა და ბავშვების ექსპლუატაცია. კომიტეტმა გამოთქვა შეშფოთება არასაკმარისი ზომების გამო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ოჯახებში, მინდობით აღზრდასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.“

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა განიხილონ ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობაზე.

"საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოითხოვონ დამოუკიდებელი გამოძიება ხელისუფლების მიერ ძირითადად მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის შესახებ და განიხილონ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივ შეურაცხყოფაზე", – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა აღნიშნა, "მთავრობას დაუნდობლად მიჰყავს ქვეყანა რეპრესიულ ეპოქაში, რომელიც საქართველოსთვის უცნობია, მაგრამ ძალიან ნაცნობია ავტორიტარულ სახელმწიფოებში".

"მაგრამ არასდროს არის გვიან, რომ შეცვალოს კურსი, გააუქმოს რეპრესიული კანონები, დაუშვას შეკრების თავისუფლება, შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ და დააყენოს პოლიციის პასუხიმგებლობის საკითხი", – დასძინა მან.