ამის შესახებ ინფორმაციას ფინური პრესა ავრცელებს.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, 39 წლის სანა მარინმა, ჰელსინკის რაიონულ სასამართლოს საზოგადოებისთვის უცნობი 36 წლის მამაკაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემის მოთხოვნით მიმართა.

Iltalehti-ს ცნობით, სანა მარინი მამაკაცის მიმართ შემაკავებელი ორდერის ერთი წლის ვადით გამოცემას ითხოვს. სასამართლო მოთხოვნას ხვალ განიხილავს.

ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მამაკაცის მიმართ ადრეც იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერები. ერთ შემთხვევაში მას ყოფილი მეუღლის წამების, აგრეთვე ყოფილი მეუღლის და საერთო შვილის მოკვლის მუქარის გამო მასთან და საერთო შვილთან მიახლოება გაფართოებული შემაკავებელი ორდერით აეკრძალა, მეორე შემთხვევაში, შარშან, ნოემბერში კი მის წინააღმდეგ ერთწლიანი შემაკავებელი ორდერი სხვა ქალის მოთხოვნით გამოსცეს. ყოფილ მეუღლესთან განქორწინებამდე ქმედებების გამო ბრალდებებს სასამართლო აგვისტოში განიხილავს.

სანა მარინის და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ დანამდვილებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მამაკაცი ყოფილ პრემიერ-მინისტრს სოცქსელებში უთვალთვალებს. მას საცხოვრებელ ადგილად ჰელსინკი აქვს მითითებული. ამ დროისთვის უცნობია მამაკაცის პირადი ცხოვრების სხვა დეტალები.