ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდგრადი განვითარების კვირეული მიმდინარეობს, რომელშიც არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად აზერბაიჯანის, რუანდის და უზბეკეთის პრეზიდენტები, ალბანეთის, ახალი ზელანდიის, იტალიის, მალაიზიის, ფინეთის, პრემიერ-მინისტრები და ასევე პოლიტიკოსები, ლიდერები განახლებადი ენერგიის, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების სფეროებში, ინვესტორები და მეწარმეები მონაწილეობენ.

მსოფლიომ სააგენტოების ყურადღების ცენტრში აბუ-დაბის აეროპორტში ალბანეთის და იტალიის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მომენტი მოექცა. აეროპორტის დარბაზში ჯორჯია მელონის გამოჩენის და მასთან მიახლოების შემდეგ ედი რამა, რომელიც ბევრად მაღალია ჯორჯია მელონიზე, კრემისფერ ხალიჩაზე ცალ მუხლზე დაეშვა და მას წითელი ყუთით საჩუქარი გადასცა.

ამის შემდეგ მან დახვედრით ერთობ ნასიამოვნებ და გახალისებულ მელონის, რომელიც დღეს 48 წლის გახდა, აუხსნა, რომ საჩუქარი - აბრეშუმის შარფი, მასზე ნაცრისფერ და შავ ფერებში დატანილი პოპულარული ალბანური ელემენტებით - იტალიიდან ალბანეთში გადასული დიზაინერის ნამუშევარი იყო. მან შარფი მელონის თავზე მოახვია, გადაეხვია და უთხრა: თქვენთან შეხვედრამდე მე ვესაუბრე იტალიელ ჟურნალისტებს, რომ მათ თქვენთვის ემღერათ „tanti auguri“ (გილოცავ დაბადების დღეს).

თქვენ ხომ ძალიან გიყვართ ისინი, არა? - განაგრძო რამამ და ჟუნალისტებს მიმართა: თქვენ აქ ხართ, რომ იმღეროთ მისი დაბადების დღის აღსანიშნავად, არა?

მელონიმ იგი ღიმილით შეაჩერა და უთხრა: ნუ მარცხვენთ!


იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის და ალბანეთის პრემირ-მინისტრ ედი რამას, მიუხედავად მათი საპირისპირო პოლიტიკური შეხედულებებისა (მელონი მემარჯვენე პარტიის, „იტალიის ძმების“, ხელმძღვანელია, რამა კი ალბანეთის სოციალისტური პარტიის) ერთმანეთთან ძალიან კარგი პარტნიორული ურთიერთობა აქვთ. აბუ-დაბიში იტალიამ, ალბანეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერეს მილიარდიანი ღირებულების სამმხრივ პროექტს, რომელიც ალბანეთში მწვანე ენერგიის წარმოებას და ადრიტიკის ზღვის ფსკერზე კაბელით მის იტალიისთვის მიწოდებას ითვალისწინებს.

მათ შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია შეთანხმება, რომელიც ხმელთაშუა ზღვიდან ნავებით იტალიაში შესვლის მსურველების იტალიამდე არ მიშვებას, გემით ალბანეთში გადაყვანას და თავშესაფრის შესახებ მოთხოვნის განხილვამდე ალბანეთის ტერიტორიაზე მათთვის სპეციალურად აშენებულ დროებით თავშესაფარში განთავსებას ითვალისწინებს.