Financial Times კიევის ეკონომიკის სკოლის ინსტიტუტის (KSE Institute) მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში საბჭოთა პერიოდის შეიარაღების ერთ დროს დიდი ოდენობის მარაგები იწურება. ამაზე სამხედრო საწყობებიდან ფრონტის ხაზისკენ გაგზავნილი ტვირთის რაოდენობის 2022 წლის წინა პერიოდის მაჩვენებლამდე ვარდნა მიანიშნებს. 

KSE ინსტიტუტის მიერ გაანალიზებული ლოგისტიკური მონაცემების მიხედვით, რუსეთის მთავარი საწყობებიდან ომში გამოსაყენებლად ტვირთის გაგზავნის რაოდენობა 2022 წლის 242 000 ტონიდან 2025 წელს 119 000 ტონამდე ჩამოვარდება. 

ინსტიტუტის ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ასეთი ვარდნა მარაგების ამოწურვაზე მიანიშნებს: "რუსეთი ახლა განახლებისა და შეკეთების მიზნით უფრო ნაკლებ მასალას გზავნის იმასთან შედარებით, რისი ატანაც, ჩვენი ცნობით, შესაკეთებელ სადგურებს შეუძლიათ. უკეთესი ხარისხისა და მარტივად აღდგენად აღჭურვილობას პირველ რიგში გაგზავნიდნენ." - თქვა მან. 

თუმცა, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაფუძნებულმა სამხედრო ანალიტიკოსმა, ფრანც-სტეფან გადიმ გამოცემასთან საუბრისას სიფრთხილე გამოიჩინა იმ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, რომ ფრონტის ხაზზე ჯავშანტექნიკის გადაგზავნის შემცირება რუსეთისთვის "საბრძოლო ეფექტიანობის დაკარგვის" ნიშანია. 

გადის თქმით, ომში რუსეთის ტაქტიკა შეიცვალა და არმია უფრო ნაკლებ ჯავშანტექნიკას იყენებს. ამასთან, "რუსეთის შეიარაღებული ძალები ბევრს ხარჯავს ახალი მარაგების შექმნაზე".

Financial Times-ის ცნობით, KSE ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მონაცემთა ანალიზი ასევე აჩვენებს, თუ როგორ გახდა რუსეთი მზარდად დამოკიდებული თავის აზიელ მოკავშირეებზე იმ ფონზე, როცა საკუთარი მარაგები თანდათანობით ამოეწურა. FT წერს, რომ რუსეთის შიდა თავდაცვის ინდუსტრია ახლა ჩინეთიდან იმპორტზეა დამოკიდებული, ხოლო რუსეთის ჯარი საბრძოლო მასალების უმრავლესობას ჩრდილოეთ კორეისგან იღებს. 

გავრცელებული მონაცემებით, 2024 წელს რუსეთის არსენალში "ფეთქებადი მასალების" ტვირთის 52%-ის გაგზავნა იაპონიის ზღვაზე მდებარე ნახოდკის პორტის გავლით მოხდა, რასაც ჩრდილოეთ კორეა იყენებდა. ამ ტერიტორიიდან რუსეთში 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ნული ტვირთი იგზავნებოდა, 2024 წლისთვის კი მაჩვენებელი 250 000 ტონა იყო. 

KSE-ს ანალიტიკოსის, პავლო შკურენკოს თქმით, ჩრდილოეთ კორეაზე რუსეთის დამოკიდებულება გასაკვირ კონტრასტს ქმნის იმ ფონზე, როცა რუსეთი ცდილობს, თავი თვითკმარ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს. 

ამავდროულად, გამოცემის მიხედვით, KSE-ს ანალიზი ამყარებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР) ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის ანალიზს, რომელმაც ივლისის თვეში აღნიშნა, რომ რუსეთის საბრძოლო მასალების 40%-ის წყარო ჩრდილოეთ კორეა იყო.