როგორც გამოცემა Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დაავალა, რომ აშშ-სთან ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების უახლესი სამუშაო დოკუმენტის გაჟონვა გამოიძიოს.

Financial Times წერს, რომ გამოძიება, მათ შორის, პოლიგრაფიის ტესტის (ე.წ. სიცრუის დეტექტორი) გამოყენებით მიმდინარეობს.

FT-სთან საუბრისას უკრაინელმა თანამდებობის პირებმა თქვეს, რომ რამდენიმე სამინისტროს პერსონალს ე.წ. სიცრუის დეტექტორის ტესტი უკვე ჩაუტარდა. თუმცა, გამოცემასთან საუბრისას წყაროებს სხვა დეტალები არ დაუზუსტებიათ. 

გამოცემის თანახმად, გამოძიებები მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაროსლავ ჟელეზნიაკმა შეთანხმების უახლესი ვარიანტის ასლი გაასაჯაროვა. გარდა ამისა, დოკუმენტი FT-მ დამოუკიდებლად მოიპოვა და გამოაქვეყნა. 

28 მარტს ზელენსკიმ Financial Times-თან საუბრისას გაჟონვას "უცნაური" უწოდა და თქვა, რომ "აინტერესებს, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას".

გამოცემამ აღნიშნა, რომ ე.წ. სიცრუის დეტექტორის სამეცნიერო სანდოობა სადავოა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები პოლიგრაფს გამოძიებების დროს ხშირად იყენებენ.