უკრაინელი და ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან გასასვლელად ემზადება და ამის საბაბად თეთრმა სახლმა შესაძლოა ნებისმიერი მცირე, თუნდაც დროებითი შეთანხმება გამოიყენოს. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროპელი ჩინოვნიკები დარწმუნებულები არიან, რომ ტრამპი ემზადება პროცესიდან გასასვლელად და ისეთი ვითარების შექმნას ელოდება, როდესაც მედიაციის შეწყვეტა ერთადერთ ლოგიკურ არჩევანად გამოჩნდება.
ის აორგანიზებს ისეთ ვითარებას, რომელიც მას პროცესიდან გასვლის საშუალებას მისცემს და პრობლემის მოგვარებას უკრაინას და ევროპას გადააბარებს"- ამბობს ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი.
ამასთანავე, გამოცემის ამერიკული წყაროები ანონიმურ საუბრებში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ტრამპის მოუთმენლობა და ადმინისტრაციის მიერ დაყენებული მკაცრი ვადებია, რაც ეფექტურ შეთანხმებას შეუძლებელს ხდის.
გამოცემის უკრაინული წყაროები ამბობენ, რომ მედიაციის პროცესიდან ვაშინგტონის გასვლას კიევში "სავსებით შესაძლებლად მიიჩნევენ."
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, მიმდინარე კვირა მოლაპარაკებებისთვის გადამწყვეტი იქნება და პროგრესის არარსებობის შემთხვევაში შტატები შეწყვეტენ შუამავლობას.
"მიმდინარე კვირა საკვანძო იქნება, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ გავაგრძელოთ თუ არა ჩართულობა პროცესში"- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
პირველად პროცესიდან შესაძლო გასვლის შესახებ მარკო რუბიომ 17 აპრილს ევროპელ და უკრაინელ პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სწორედ ამ შეხვედრაზე წარადგინეს ტრამპის გუნდის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა, რომელიც მოგვიანებით რუბიომ თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვსაც გადასცა.
ამერიკელების წინადადება მოსკოვში პირადად ჩაიტანა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, რომელიც კრემლში მეოთხედ შეხვდა ვლადიმირ პუტინს.
რუსეთი უკვე მეორე თვეა, აჭიანურებს მოლაპარაკებებს და არ თანხმდება ამერიკული ადმინისტრაციის წინადადებებს. თავდაპირველად რუსეთმა უარი თქვა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე, რასაც უკრაინული დელეგაცია 11 მარტს, ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზევე დაეთანხმა.