Financial Times მოქმედ და ყოფილ უკრაინელ და დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა საკუთარ რაკეტებს აუმჯობესებს, რათა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მათი ჩამოგდება მარტივად ვერ შეძლონ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მოდერნიზაცია აშკარა იყო უკრაინის დრონების საწარმოებზე განხორციელებულ ბოლო დარტყმებში.

ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ზაფხულის განმავლობაში მინიმუმ ოთხი ასეთი ქარხანა სავარაუდოდ დაზიანდა, ხოლო ორი სხვა რაკეტა დრონების კომპონენტების მწარმოებლის ოფისებისკენ იყო მიმართული. დარტყმებმა ასევე ახლოს მდებარე ევროკავშირის დელეგაციისა და ბრიტანეთის საბჭოს ოფისები დააზიანა.

FT-ის წყაროების მიხედვით, რუსეთმა შეცვალა როგორც თავისი ისკანდერ-მ მობილური სარაკეტო სისტემა, რომელსაც 500 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვს, ასევე "კინჟალის" ჰიპერბგერითი რაკეტები, რომლებსაც 480 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვთ.

გამოცემა იუწყება, რომ რაკეტები თავდაპირველად სტანდარტულ ბალისტიკურ ტრაექტორიას მიჰყვებიან, შემდეგ კი მიმართულებას მოულოდნელად იცვლიან და ვერტიკალურად ეშვებიან. ამ შედეგად Patriot-ის სისტემებს მათი ჩამოგდება უჭირთ.

ექსპერტები გამოცემას უცხადებენ, რომ სავარაუდოდ, ტრაექტორიის მსგავსი ცვლილება პროგრამულად მოხდა. წყაროები გამოცემას უყვებიან, რომ აღნიშნული ცვლილების შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალები პენტაგონს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან. შესაძლო გადაჭრის გზების საპოვნელად, პენტაგონი და ამერიკული თავდაცვის მწარმოებელი კომპანიები ამ მონაცემებს ერთად შეისწავლიან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ივლისში უკრაინამ რუსული ბალისტიკური რაკეტების 37% ჩამოაგდო, თუმცა სექტემბერში წარმატების მაჩვენებელი 6%-მდე დაეცა, მიუხედავად იმისა, რომ რუსული რაკეტების იერიშების რაოდენობა შემცირდა.